„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ ლიდერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე.
შეხვედრის შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტთან კანდიდატურები არ განუხილავთ. მისი თქმით, მოლაპარაკება კონკრეტულ ფორმულაზე შეჯერების მიზნით მიმდინარეობს.
„ჩემი აზრით, პროცესი მიდის ძალიან სწორად. პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული, სწორი და ძალიან რაციონალური. სახელები, გვარები და კულუარული განხილვების პროცესი ეს არ არის, არამედ ეს არის პროცესი, როგორ შევჯერდეთ სწორ ფორმულაზე, რომ საზოგადოებაში იყოს სტაბილურობის განცდა და იმის განცდა, რომ დიახ, ჩვენ, პროდასავლური ოპოზიცია, ვთანხმდებით ქვეყნის ანტიევროპული კრიზისიდან გამოყვანაზე. ამომრჩეველს სჭირდება სტაბილურობის განცდა, ჩვენი ერთიანობის დანახვა. ყველას აქვს თავისი პარტიული არჩევანი, მაგრამ ყველანი ერთად უნდა ვამბობდეთ იმას, რაც, ჩემი აზრით, არის ყველაზე სწორი: ჩვენ მზად ვართ კამათისა და დაპირისპირების გარეშე ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება. ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს ამომრჩევლის, ისტორიისა და მომავალი თაობების წინაშე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პრეზიდენტს ინიციატივის აღებისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრეზიდენტის როლი შეუფასებელია ამ თვალსაზრისით და ძალიან დიდი მადლობა მას, რომ ასეთი რამ აიღო საკუთარ თავზე. კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ასეთი რამ მოხდეს და ამის შესახებ ჩვენი შეთანხმება იყოს. მთავარია, რომ ეს არის გარდამავალი, ტექნიკური, მცირე დროით არჩეული ადმინისტრაცია - მოდი ასე დავარქვათ, თუ ვინმეს „მთავრობა“ არ მოსწონს. [არჩევნების შემდეგ] ოპოზიციასაც, მათ შორის, მისცემს მეტ დროს, რომ მოხდეს შეთანხმებული, სინქრონული მოქმედება კრიზისის დასაძლევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი რამ. ნებისმიერი ფორმატი, რომელიც ამის შესაძლებლობას მოგვცემს, არის კარგი. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შეიძლება პასუხისმგებლობა აიღოს იმგვარად, რომ ვიყოთ პროცესებში ჩართულები, არის საქართველოს პრეზიდენტი“, - თქვა გვარამიამ.
5 ოქტომბერს „TV პირველის“ ეთერში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, თუკი დღის წესრიგში დადგება ტექნიკური მთავრობის ფორმირება. მან დააზუსტა, რომ კანდიდატს პოლიტიკური წარსული არ აქვს. პრეზიდენტმა დაამატა, რომ 7 ოქტომბერს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს მომავალი, დროებითი მთავრობის შემადგენლობის საკითხზე.
8 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციებს გააგრძელებს.
პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ მიხედვით, პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მომავალ პარლამენტში მასშტაბური რეფორმები არასრულ ხუთ თვეში უნდა გაატარონ და ერთ წელიწადში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
„ქარტიის“ თანახმად, ამ ერთი წლის განმავლობაში „ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, შედეგიანი და უაღრესად ევროპული. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს დემოკრატიული არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან. განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან რაიმე სხვა ფორმით“.
„ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა 18-მა პოლიტიკურმა პარტიამ და პარლამენტის ხუთმა წევრმა.