ჰერჩინსკი "ოცნების" ბანერებზე - მედიას გავუზიარე ჩემი შეხედულებები გულწრფელად და ღიად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ ქართველებთან საუბარში

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს გაკეთებულ თავის შეფასებას, რომელსაც მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა.

საქმე ეხება წინასაარჩევნო ბანერებს, "არა ომს - აირჩიე მშვიდობა", რომელზეც გამოსახულია უკრაინაში ომით დანგრეული შენობები, მეორე მხარეს კი "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში აშენებული ან რეაბილიტირებული შენობები. ელჩმა მას "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი" უწოდა. ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ" განაცხადეს, რომ ამ ბანერებს ეთერში არ გაუშვებენ, რის გამოც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, „დიდძალი ჯარიმები“ დაეკისროთ.

"თუ მეკითხებით, რაც ვთქვი პარასკევს ბანერებზე, რომლებიც თბილისში ბევრ ადგილას არის გამოკრული, მკითხეს ჩემი ხედვის შესახებ და მე გავუზიარე ჩემი შეხედულებები გულწრფელად და ღიად, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებ ქართველებთან საუბარში. მე, როგორც ევროკავშირის ელჩი, მაქსიმუმს ვაკეთებ და ყველა ჩემს საუბარში ვცდილობ უზრუნველვყო, რომ არასოდეს დამადანაშაულონ ჩარევაში. ვიმეორებ კიდევ და კიდევ, რომ მომავალი არჩევნები არის შესაძლებლობა ქართველებისთვის, გამოხატონ თავიანთი ხედვები. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ თავად ქართველებმა და გულწრფელად მჯერა, რომ ხალხი მივა და მისცემს ხმას თავისუფლად და დემოკრატიული გზით, რომ არჩევნები ჩაივლის უმაღლესი ევროპული და საერთაშორისო სტანდარტით, იქნება კონკურენტული, გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩვენ, ევროკავშირი, დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას, ძალიან დაკვირვებით შევაფასებთ სხვა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს და, რა თქმა უნდა, ძალიან დაკვირვებით მოვუსმენთ ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს. ამჟამად შემიძლია ვთქვა რასაც ვამბობ და ვიმეორებ: ჩვენ, ევროკავშირი, ვთანამშრომლობდით დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ მთავრობასთან საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ჩვენ ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან, რომელსაც საქართველოს ხალხი აირჩევს 26 ოქტომბრის არჩევნებში", - თქვა ჰერჩინსკიმ კავკასიის უნივერსიტეტში ყოფნისას მედიასთან საუბარში 7 ოქტომბერს და დაამატა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას საქართველოში და ყველგან მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

"თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული სისტემის წინაპირობაა. ეს მედიის გადასაწყვეტია, რა სურთ და რა არ სურთ, რა განცხადებას მისდიონ ან რა განცხადებას არ მისდიონ, ეს არაა ჩემი გადასაწყვეტი. თქვენ, მედიამ, მკითხეთ გამომეხატა ჩემი შეხედულებები - მე გამოვხატე ჩემი შეხედულებები და თავისუფალი მედიის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.

5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ მათგან მოითხოვს უკრაინის ომის ამსახველი „ამორალური“ ბანერების მათ ეთერში გაშვებას. ისინი რეაგირებისკენ მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებასა და საელჩოებს.

ასევე ნახეთ „უარს ვამბობთ „ოცნების“ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებაზე, გვემუქრება ჯარიმები“ - სამი ტელეარხი

„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ დაგმო „ქართული ოცნების“ მიერ „უკრაინელი ხალხის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოყენება“. 5 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში კოალიცია წერს, რომ ტელეარხების, „მთავარი არხის“, „ტვ პირველისა“ და „ტელეკომპანია ფორმულის“ მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" ბანერების შესახებ ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე შეაფასა და მას საარჩევნო პროცესში „ჩარევა” და „ფარისევლური” უწოდა.

ასევე ნახეთ ვგმობთ „ოცნების“ ანტიუკრაინულ პროპაგანდას და მედიაზე ზეწოლას - მედიაკოალიცია

„ბატონი ჰერჩინსკის განცხადება, სადაც მან აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი უწოდა იმ საარჩევნო ბანერებს, ესეც არის ჩარევა საარჩევნო პროცესში, ვინაიდან ხდება ერთი მხარის თუნდაც საარჩევნო ბანერების შეფასება".

"როდესაც სხვები დააპირებენ, რომ ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, ჯერ საკუთარ თვალში მოძებნონ, არის თუ არა დირე. სამწუხაროდ, აი, ეს არის ფარისევლური დამოკიდებულება. ჩვენ არაერთხელ გვქონდა მოწოდება ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ. მაგალითად, მათ შეეძლოთ სამარცხვინოდ შეეფასებინათ პოლონელი ექიმების ვიზიტი საქართველოში, როდესაც ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნით, თხოვნით და რჩევით ჩამოსული ექიმების ჯგუფი, რომლებსაც წინდით გაჰქონდა ფარულად ნიმუში და რაღაც ცუდს ამზადებდა. ეს მაშინ ელჩს სამარცხვინოდ არ შეუფასებია. მან „აღმაშფოთებელი“ არ უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი დადებით ჭრილში იყო წარმოჩენილი“, - თქვა პაპუაშვილმა.

ამასთან, 6 ოქტომბერს პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბარში "წარმოუდგენელი" უწოდა ერთი მხრივ მედიის გადაწყვტილებას ეთერი არ დაუთმოს მმართველი პარტიის საარჩევნო ბილბორდებს, მეორე მხრივ კი შეაფასა ევროკავშირის ელჩის გამოხმაურება ბანერებზე:

" ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა და ამის გამო არ გაუშვან, არ ვიცი წარმოუდგენელია და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმოიდგინეთ ახლა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები, ხომ წარმოგიდგენიათ უბრალოდ?! და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ვინც ასეთ რამეს იკადრებდა გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე",- თქვა კახა კალაძემ.

მედიის მიმართვის საფუძველზე, კომენტარი გაკეთებინა კალაძის სიტყვებზე, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, "მსგავსი სამწუხარო პრაქტიკა", როგორიც ელჩის გაწვევაა სხვა ქვეყნების მაგალითზე ბოლო წლებსა და თვეებში უნახავს.

"პირველი დღიდან ვამბობდი, რომ სხვების კომენტარზე კომენტარებს არ ვაკეთებ, ეს არ არის ჩემი როგორც ევროკავშირის ელჩის როლი, ჩემი როლი ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენაა. ახლა განსაკუთრებით მომდინარე საარჩევნო კამპანისას, მაპატიეთ, მაგრამ კომენტარს არ გავაკეთებ ამ განცხადებაზე ან ნებისმიერ სხვა განცხადებაზე.

რაც შემიძლია განვაცხადო, დიპლომატიური პრაქტიკის მიხედვით, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა ყველა ქვეყნისთვის, სთხოვოს უცხოელ დიპლომატს დატოვოს [ქვეყანა] და ბოლო თვეებში და წლებში სამწუხაროდ, გვქონდა მსგავსი ბევრი შემთხვევა სხვა ქვეყნების შემთხვევაში", - თქვა ჰერჩინსკიმ.

თბილისში 26 სექტემბერს გამოჩნდა პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა „ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებს და მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემატიკის შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან.