ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს, "რუსეთის საპატიო მშენებლის" წოდება მიენიჭა. მან შესაბამისი სამკერდე ნიშანი მიიღო მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრ ირეკ ფაიზულინისგან. ასეთი წოდება რუსეთში გადაეცემათ სამშენებლო სფეროში 20-წლიანი გამოცდილების მქონე ადამიანებს.
„კავკაზ.რეალიის“ ცნობით, კადიროვის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა გროზნოში, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის გახსნის დროს. ჯილდო ჩეჩნეთის ხელმძღვანელს გადაეცა ფორმულირებით: " პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის." თავის მხრივ, რუსეთის მშენებლობის მინისტრ ირეკ ფაიზულინს კადიროვმა გადასცა მედალი "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის."
რამზან კადიროვი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და რიგი სხვა ქვეყნების სანქციების სიაშია, ფლობს რუსეთის გმირის წოდებას, მინიჭებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-მაიორის სპეციალური წოდება, ასევე გენერალ-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, აქვს ასზე მეტი მედალი, სხვადასხვა დონის ორდენები და ტიტულები, მათ შორის, მაგალითად, საპატიო სტომატოლოგისა და აგრონომის წოდება.
ასევე ნახეთ ჰარამხანა, ფსბ-თან მეგობრობა, კორუფცია და მკვლელობები. კადიროვის ოჯახი და ვერტიკალი