პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ხელახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს.
პაპუაშვილის თანახმად, ის საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. როგორც პარლამენტის სპიკერმა თქვა, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, „ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ ასი ხმით, იმპიჩმენტის წესით, თანამდებობიდან გადააყენებს“.
პაპუაშვილმა იმპიჩმენტის ახალი პროცედურის დაწყების მიზეზად ზურაბიშვილის ევროპის ქვეყნებში ვიზიტები დაასახელა. „ზურაბიშვილმა კონსტიტუციის უხეში დარღვევა განაგრძო. ის მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში“, - თქვა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზურაბიშვილის გადაყენებას სიმბოლური ხასიათი ექნება.
„სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა, მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზედ პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ.
კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მომავალში თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ასევე ნახეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგასაპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის სახელით პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პირველი საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში 2023 წლის 14 სექტემბერს შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკითხის განსახილველად და დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა ჰქონდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის პარლამენტში კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენა (9 მოსამართლიდან 6-ის თანხმობა).
2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჰქონდათ მოსამართლეებს: მერაბ ტურავას, ევა გოცირიძეს, გიორგი თევდორაშვილს, ხვიჩა კიკილაშვილს, მანანა კობახიძესა და ვასილ როინიშვილს; განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, 2023 წლის 18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას პარლამენტში ვერ მოგროვდა დეპუტატთა საკმარისი (ასი) რაოდენობა, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას. იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა პარლამენტის 86-მა წევრმა.
საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, თუ პარლამენტმა თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
პირველი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მთავრობის თანხმობის გარეშე 2023 წელს (აგვისტო-სექტემბერში) საზღვარგარეთ გამართული შეხვედრები, საფრანგეთის, გერმანიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან.
იმპიჩმენტის პროცედურის ხელახალი დაწყების საფუძველი კვლავ ვიზიტებია, თუმცა ამჯერად საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ 2024 წლის ოქტომბერში გამართულ შეხვედრებს.
კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი ამ შემთხვევაში იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ხელისშემშლელი არ იქნება.
„ეს საკითხი კონსტიტუციით შემდეგნაირად არის დარეგულირებული: ერთხელ, როდესაც პარლამენტი და საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებენ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე, იმ კონკრეტულ საქმეზე, კონკრეტულ შემთხვევაზე, მეორედ არ შეიძლება იმპიჩმენტის პროცესის აღძვრა. სავარაუდოდ, აქ ლაპარაკი იქნება იგივე შინაარსის, თუმცა პრეზიდენტის ქმედების სხვა ეპიზოდზე და ის დადგება საიმპიჩმნტო საკითხად“, - თქვა ვახუშტი მენაბდემ.
თუკი „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში მანდატების საკმარის რაოდენობას მოიპოვებს, კონსტიტუციონალისტის განმარტებით, დროის თვალსაზრისით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დასრულება რეალურია.
„ამჟამინდელ პარლამენტში დააინიციირებენ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და ახალი პარლამენტი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მენაბდემ. მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმალური ვადა, ერთი თვე აქვს და თუკი მოინდომებს, უფრო ადრეც მოასწრებს გადაწყვეტილების მიღებას.
საპარლამენტო უმრავლესობამ ახლაც კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაზე დასვა აქცენტი, რომლის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება. ამ მუხლის თანახმად, „[პრეზიდენტი] მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას“.
ასევე ნახეთ ევროკავშირი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს შეაჩერებს