ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფება) ისრაელზე თავდასხმის და ისრაელის მიერ ღაზაში ომის დაწყების წლისთავის წინა დღეს, მასობრივი დემონსტრაციები იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის შეკრებების მთავარი სლოგანია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ამ დემონსტრაციების მონაწილეები ისრაელს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში ადანაშაულებენ.
6 ოქტომბრის გამოსვლები მოჰყვა დიდ თავყრილობებს, რომლებიც წინა დღეს გაიმართა ევროპის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ლონდონში, ბერლინში, პარიზსა და რომში.
პალესტინელების, ასევე ისრაელის მომხრეთა დემონსტრაციები მოსალოდნელია 7 ოქტომბერს.
ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან მსვლელობისას, ისრაელის ასობით მომხრე პოლიციის ესკორტის თანხლებით გაემართა Unter den Linden-ისკენ პლაკატით: "ყველანაირი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ".
ისრაელის მომხრეთა ხალხმრავალი დემონსტრაცია მოეწყო ბავარიაში, მიუნხენში.
ბერლინში ასევე გაიმართა პალესტინელთა მომხრეების დემონსტრაცია და მსვლელობა სახელწოდებით: “დემონსტრაცია ღაზაში გენოციდის წინააღმდეგ”. პოლიციის თანახმად, ბერლინის კროიცბერგის უბანში გამართულ შეხვედრას, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, 3 500 ადამიანი ესწრებოდა. პოლიციამ დააკავა არაერთი დემონსტრანტი.
დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად და მათ მხარდასაჭერად, ვინც კვლავ ტყვეობაშია, ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარიზში ხელოვანების მონაწილეობით გამართულ მემორიალურ შეხვედრაზე.
ლონდონში, ჰაიდ-პარკში, ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი ანალოგიურ მემორიალურ ღონისძიებაზე. შეკრებილები ერთხმად გაიძახოდნენ: "დააბრუნეთ ისინი სახლში" და აფრიალებდნენ ისრაელის დროშებს და პლაკატებს იმ მძევლების პორტრეტებით, რომლებიც კვლავ ჰამასის ტყვეობაში არიან.
6 ოქტომბერს ავსტრალიაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა პალესტინისა და ლიბანის მხარდასაჭერად. პალესტინის მომხრეთა შეკრება გაიმართა აგრეთვე მელბურნშიც.
მელბურნში ისრაელის მომხრეებს ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც გამოსახული იყვნენ ისრაელელი მძევლები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.
უშიშროების სამსახურები რამდენიმე ქვეყანაში გამოთქვამენ გაფრთხილებას, რომ მზარდმა კონფლიქტმა ახლო აღმოსავლეთში შეიძლება გამოიწვიოს ახალი ტერორისტული თავდასხმები ევროპაში ან ზოგიერთი საპროტესტო გამოსვლა შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს.
6 ოქტომბერს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ თავისი "სრული სოლიდარობა" გამოხატა პოლიციისადმი ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს მოძალადე დემონსტრანტების დასაშლელად რომში.
მელონიმ მკაცრად დაგმო შეტაკებები პალესტინის რამდენიმე მომხრე დემონსტრანტსა და სამართალდამცავებს შორის და განაცხადა, რომ "დაუშვებელია ათობით პოლიციელი იყოს დაშავებული დემონსტრაციის დროს". 5 ოქტომბერს ოცდაათი პოლიციელი და ოთხი დემონსტრანტი დაშავდა შეტაკებების დროს პალესტინის მომხრეთა მსვლელობისას რომში, - განაცხადა ადგილობრივმა მედიამ. რომის ცენტრალურ Piazzale Ostiense-ზე, დემონსტრანტები ქვებს, ბოთლებს და საგზაო ნიშნებსაც კი ესროდნენ პოლიციელებს, რომლებმაც წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით უპასუხეს.
პაპი ფრანცისკე თავის საკვირაო ლოცვაზე ვატიკანში მშვიდობისკენ ახალი მოწოდებით გამოვიდა: "ყველა ფრონტზე". ფრანცისკემ ასევე მოუწოდა თავის მრევლს, არ დაივიწყონ მძევლები, რომლებიც კვლავ ღაზაში არიან და "მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება" მოითხოვა.
შარშან 7 ოქტომბერს, ჰამასი მოულოდნელად დაესხა თავს ისრაელს, რის შედეგადაც დაიღუპა 1200 პირი, 250 ადამიანი მძევლად იქნა აყვანილი და ისრაელმა დაიწყო ომი ჰამასის წინააღმდეგ ღაზაში.
ისრაელის არმიის საჰაერო თავდასხმების და სახმელეთო იერიშების შედეგად, ერთი წლის მანძილზე ღაზაში 41 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, იტყობინება ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო. მისივე ცნობით, დაღუპულთა ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები იყვნენ.
ასევე ნახეთ ათიათასობით ადამიანი უერთდება ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის დემონსტრაციებს