ფრანკფურტი, ზაარბრიუკენი, ატლანტა, მონპელიე, სტრასბურგი, ვროცლავი, სანტორინი და სხვა - აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები ევროპისა და აშშ-ის იმ ქალაქების სახელებით, სადაც ემიგრანტებმა 50+ ამომრჩეველი დაარეგისტრირეს და კანონის შესაბამისად, საარჩევნო უბნის გახსნაც მოითხოვეს, მაგრამ მათი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ემიგრანტები ასახელებენ რეგისტრაციის პრობლემებსაც, როცა საკონსულო აღრიცხვა გავლილი აქვთ, მაგრამ მაინც ვერ მოხვდნენ ამ ეტაპისთვის არსებულ საარჩევნო სიაში, რომლის გადამოწმებაც ცესკოს ვებგვერდზეა შესაძლებელი.
„რატომ არის საჭირო დღესაც რომ ვთხოვოთ [საარჩევნო] უბნების გახსნა - რადგან წარმოადგენს დიდ სიძნელეს, რასაც აუცილებლად გადავლახავთ, რაც არ უნდა იყოს, მაგრამ გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე ძალიან რთულია ყველა დიდ ქვეყნებში... უნდა იყოს დაახლოებით 150 ათასი რეგისტრირებული. პირადად მე შევამოწმე გუშინ - მაგალითად, ჩემი შვილები არ არიან ცესკოს სიებში “, - უთხრა ჟურნალისტებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარემ, ოთარ ზურაბიშვილმა [საქართველოს პრეზიდენტის ძმა].
მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციას პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან.
ემიგრანტთა პლატფორმის, "თაობები მომავლისთვის", ინფორმაციით, 6 ოქტომბერს აქციები დაგეგმილია ასევე ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში.
ცესკოს განკარგულებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყნის 53 ქალაქში. ემიგრანტებს 7 ოქტომბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდნენ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად.