„შარში ხარ, მეგობარო!“ - მონაწილეობდა თუ არა დეპუტატ ოდიშარიას ვაჟი ჰამბურგის პოლიციასთან კინკლაობაში

3 აგვისტოს გერმანულმა Spiegel-მა იუტუბის არხზე გამოაქვეყნა ნახევარსაათიანი ვიდეო, სადაც ჰამბურგის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების  სამუშაო დღეა გადაღებული. 

* მასალა განახლებულია მას შემდეგ, რაც დეპუტატ ბექა ოდიშარიას მეუღლემ, მაკუნა გამცემლიძემ დაადასტურა, რომ ვიდეოში ნამდვილად მათი შვილი ჩანს.

„Davidwache ჰამბურგში, რეეპერსბანის ქუჩაზე ევროპის ყველაზე პატარა პოლიციის განყოფილებაა, სადაც კომისარიატ 15-ის ოფიცრები შეუსვენებლად მორიგეობენ. მათი კლიენტები არიან მთვრალი მეამბოხეები, წვეულებებზე გაძარცვული ტურისტები და მოტყუებული ახალგაზრდები. ჩხუბი, სექსუალური შევიწროება, დაჭრა და ნარკოდანაშაული აქ ჩვეულებრივი ამბავია - ჰამბურგის არცერთ ნაწილში არ ხდება იმდენი დანაშაული, რამდენიც აქ“, - წერია გერმანული გამოცემის ვიდეოს აღწერაში.

Spiegel-ის ამ ვიდეოს ერთი ეპიზოდი ასახავს გერმანელი პოლიციელების კამათს ახალგაზრდა კაცების ჯგუფთან. სავარაუდოდ, კინკლაობა მას შემდეგ იწყება, რაც კომისარიატ 15-ის ოფიცრები ტურისტებს ქუჩაში აჩერებენ და რაღაცას ეკითხებიან. მოკლე შელაპარაკების შემდეგ, ერთ-ერთი პოლიციელი პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ითხოვს, რაზეც უარს იღებს.

“ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები”, - ეუბნება ახალგაზრდა კაცი პოლიციელს, - “აი ახლა უკვე შარში ხარ, ჩემო მეგობარო”, - ისმის ვიდეოში, სადაც პოლიციელები და ტურისტები ერთმანეთთან ინგლისურად ლაპარაკობენ. Spiegel-ის ჟურნალისტი ვიდეოშივე ამბობს, რომ ეს ახალგაზრდა ქართველი ტურისტია. ჩანაწერში მართლაც ისმის გინება ქართულად, ერთ-ერთი ახალგაზრდა ახსენებს საქართველოს პარლამენტსაც, თუმცა გაურკვეველი რჩება კონტექსტი.

გერმანული გამოცემის ვიდეოში ტურისტების სახეები დაფარულია, თუმცა რადიო თავისუფლებას სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო ეუბნება, რომ დაპირისპირების მონაწილე აქტიური ახალგაზრდა, ქართველი პარლამენტარის, “ქართული ოცნების” წევრ ბექა ოდიშარიას უფროსი ვაჟი - 22 წლის ლაშა ოდიშარიაა. რადიო თავისუფლების წყაროდან ერთი ოდიშარიების ოჯახის ახლობელია, მეორე - თავად ლაშა ოდიშარიას დიდი ხნის ნაცნობი.

რადიო თავისუფლებამ სცადა კომენტარი ჩაეწერა ლაშა ოდიშარიასთან და მისი ოჯახის წევრებთან. პარლამენტარ ბექა ოდიშარიას კითხვები პირად ნომერზე ვოთსაფის აპლიკაციაში მივწერეთ. დეპუტატმა ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა, ისევე როგორც მისმა მეუღლემ და შვილმა. ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მაკუნა გამცემლიძემ სტუდია მონიტორთა დაადასტურა, რომ ვიდეოში ნამდვილად მათი ვაჟი ჩანს.

ჰამბურგის პოლიციამ რადიო თავისუფლებას წერილობით დაუზუსტა იმ ამბის დეტალები, რომელიც "შპიგელის" ვიდეოში მოხვდა.

პოლიციის თქმით, სცენა გადაღებულია 2024 წლის 21 ივნისს, ჰამბურგში, წმინდა პავლეს უბანში. ამ დროს, პოლიცია ეძებს ორ კაცს, რომელზეც აქვს ინფორმაცია, რომ „სავარაუდოდ, მოპარულ ელექტრონულ მოწყობილობებს ყიდიან გამვლელებზე“.

„ორივე მამაკაცი, 20 წლის უკრაინის მოქალაქე და 24 წლის მოლდოვის მოქალაქე, მოგვიანებით დროებით დააკავეს. ჩხრეკისას ორივე მათგანს აღმოაჩნდა ელექტრონული მოწყობილობებისა და პარფიუმერიის გარკვეული რაოდენობა.

ამ ოპერაციის მსვლელობისას პოლიციის ოფიცრებმა შენიშნეს 37 წლის მამაკაცი, რომელსაც მანამდე სავარაუდოდ მოპარული ნივთებით მოვაჭრეები ელაპარაკებოდნენ. ამ კაცს თან ახლდნენ სხვა მამაკაცებიც“, - მოგვწერეს ჰამბურგის პოლიციიდან და განმარტეს, რომ ამ ინციდენტს ჯერ ისევ იძიებს სახელმწიფო კრიმინალური პოლიცია. მათ ასევე დააზუსტეს, რომ მოწმეების პირადი მონაცემები არ შეუნახავთ.

მიუხედავად შელაპარაკებისა, ქართველ ტურისტებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ წინააღმდეგ რაიმე ტიპის სამართლებრივი პროცესი არ დაწყებულა.

“ახალგაზრდა კაცები საქართველოდან ძალიან თავდაჯერებული ჩანან”, - ამ კომენტარით იწყებს თხრობას გერმანული გამოცემის ჟურნალისტი პოლიციელებსა და ქართველ ტურისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელიც წმინდა პავლეს უბანში, რეეპერბანის ქუჩაზე მოხდა.

ჰამბურგის ეს ცენტრალური ქუჩა ცნობილია თავისი ღამის კლუბებით, “წითელი ფარნების კვარტალით”, სექსშოპებითა და კაბარეებით. აქვეა ეროტიკული ხელოვნების მუზეუმიც. რეეპერბანი ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ადგილია ჰამბურგში.

ჰამბურგის ამ უბნის ღირსშესანიშნაობაა Davidwache-ეც, პოლიციის ყველაზე პატარა განყოფილება ევროპაში, რომელიც წესრიგსა და უსაფრთხოებას ძალიან მცირე, მაგრამ ხმაურიან პერიმეტრზე იცავს. ამ უბანში ხშირია წვრილმანი ხულიგნობა, ქურდობა, ნარკოვაჭრობა, ჩხუბი. Spiegel-ის ნახევარსაათიანი დოკუმენტური კადრებიც სწორედ ამ ამბავს აღწერს - პოლიციის ყოველდღიურობას Davidwache-ში.

ადგილი, სადაც პოლიციასა და ქართველ ახალგაზრდებს შორის შელაპარაკებაა გადაღებული. ეს ორი ქუჩის, Reeperbahn-ისა და Grosse Freiheit-ის [დიდი თავისუფლება] კუთხეა კლუბების, The White Rabbit-სა და Paradise Point of Sex-ის წინა ტერიტორია.

“პრობლემებს ეძებთ? ჩვენ უბრალოდ ვსეირნობდით და თქვენ ჩემს მეგობარს სტაცეთ ხელი. ახლა მე ჩემს ადვოკატს დავურეკავ. გითხარი ხო, რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები ... აი ახლა უკვე შარში ხარ, ჩემო მეგობარო”, - ეუბნება პოლიციის ოფიცერს ის ახალგაზრდა კაცი, რომელზეც წყაროები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ის „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა ოდიშარიას ვაჟია. მის გარდა კადრებში, სამ პოლიციელთან ერთად ჩანს სულ მცირე 5 ახალგაზრდა კაცი.

ვიდეოს ამ ნაწილში ქართველი ტურისტი პოლიციას ეუბნება, რომ ადვოკატს დაურეკავს და მას პრობლემები შეექმნება. ფონზე ჩანან მისი თანმხლები პირები.

ინციდენტის დასაწყისში ახალგაზრდა კაცები პოლიციელებს ეუბნებიან, რომ ისინი სტუდენტები არიან, აქვე ახსენებენ საქართველოს პარლამენტს. ვიდეოს ნაწილია შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამო - ახალგაზრდა, რომელსაც გერმანული გამოცემა ქართველ ტურისტად წარმოადგენს, პოლიციის კომისარ ქრისტიან ვერნერ დორნს ეუბნება, რომ მზადაა აჩვენოს პირადობის მოწმობა, თუმცა უარს ამბობს მის გადაცემაზე.

ქართველი ტურისტი: მე კარგად ვიცი გერმანული კანონები. შემიძლია გაჩვენო, მაგრამ არ მოგცემ.

პოლიციის ოფიცერი: მაჩვენე.

ქართველი ტურისტი: შეგვიძლია გაჩვენოთ, ყველაფერი კარგად არის?

პოლიციის ოფიცერი: არა!

ამ დროს კადრში ჩანს, რომ პოლიციელი ახალგაზრდა კაცს ხელიდან სტაცებს პირადობის მოწმობას და როცა ის ეწინააღმდეგება, ხელით ეხება მკლავსა და მაისურზე. პოლიციელი მას უხსნის, რომ სხვაგვარად არ შეუძლია მისი ვინაობის გადამოწმება და იმ შემთხვევაში, თუკი წინააღმდეგობას გაუწევს, მისი დაკავება მოუწევს.

“პოლიციელები ხართ თუ FBI-ის დეტექტივები?” - კითხულობს ახალგაზრდა კაცი, რომელზეც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ბექა ოდიშარიას ვაჟია.

ვიდეოს ამ ეპიზოდის ბოლოში ირკვევა, რომ ქართველი ტურისტების ჯგუფი სულ მცირე 7 ადამიანისგან შედგება. იქვე ჩანს სავარაუდოდ მოპარული ნივთებით მოვაჭრეც. პოლიციელები მას ჩხრეკენ, პოულობენ რამდენიმე apple watch-ს და შანელის სუნამოს და ბოლოს, პოლიციის შენობაში გადაჰყავთ.

მოპარული ნივთები პოლიციის მანქანაში ჩხრეკის შემდეგ

რადიო თავისუფლებამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მიმართა საქართველოში გერმანიის საელჩოს, - გვითხრეს, რომ მათ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლიათ.

22 წლის ლაშა ოდიშარია სოციალურ ქსელებში თითქმის არ აქტიურობს, ინტერნეტში ღია წყაროებით მისი სულ რამდენიმე ფოტო იძებნება, საიდანაც ირკვევა, რომ დეპუტატის ვაჟი რაგბის თამაშობს და იყო 18 წლამდე ნაკრების წევრი. ის სავარაუდოდ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იღებს უმაღლეს განათლებას.

ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აღარ არის “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში, რომელიც 170 კაცისგან შედგება.

ოდიშარია, მისი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მილიონერია. ის ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, ვინც მხარი დაუჭირა რუსულ კანონად წოდებულ კანონს “აგენტების შესახებ” და ჰომობოფიურ კანონს, რომელიც ოჯახის და არასრულწლოვნების დაცვის სახელით, ზღუდავს ლგბტქ ადამიანების უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას.

ბექა ოდიშარიას საჯარო ცხოვრებიდან განსაკუთრებული განხილვის საგნად იქცა 2024 წლის გაზაფხულზე მისი გაკეთებული რეპლიკა საქართველოს პარლამენტში ქალი კოლეგების მისამართით, რომელთაც “მოუ####ელი ქალები” უწოდა. მეათე მოწვევის პარლამენტმა ისე დაასრულა მუშაობა, რომ ეთიკის საბჭოს მის ამ განცხადებაზე არ უმსჯელია, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ ლატვიამ ჩამოართვა მას საპატიო კონსულის სტატუსი.

ასევე ნახეთ ერთხელ იქნება, მარტო მე არ ამომივა ყელში - ოდიშარია ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას განაგრძობს