განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოდან "საგანგაშო ცნობები" მოდის, რაც, მათივე შეფასებით, იმაზე მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" მომავალი საპარლამენტო არჩევნების "მოსაპარად" ემზადება. განცხადების თანახმად, ეს მოიცავს ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების მასობრივი დაშინების კამპანიას, მათ შორის მათი ოჯახების დაშინებას.
"ასევე იყო ოპოზიციის აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმები.
ასევე ამომრჩევლებს აშინებენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, რომ "მთავრობა გაიგებს, როგორ მიეცი ხმა და ამას შედეგები მოჰყვება", რაც ხმის მიცემის ფარულობას ეჭვქვეშ აყენებს.
ბევრ ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფს ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებით აბრკოლებენ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონის ძალაში შესვლამდეც კი.
საბოლოოდ, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის კონტროლქვეშ მოექცა. ამგვარმა ქმედებებმა შექმნა ისეთი წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება", - წერია განცხადებაში.
PACE-ს წევრების მოწოდებით, არჩევნების შედეგის საერთაშორისოდ აღიარებისთვის, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული გზითა და საპირისპირო კურსით სვლა. მათივე თქმით, გადამწყვეტია არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის როლი: "მიეცით საშუალება საქართველოს მოსახლეობას, თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი".
PACE-ს წევრების განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მას "ტყუილებით სავსე" უწოდა. ჟურნალისტებთან კობახიძე ამტკიცებდა, რომ "გლობალური ომის პარტია" ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე.
"24-იც რომ არ ყოფილიყო და რომ ყოფილიყო 240 ან 600-ზე მეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია. თუნდაც რომ ყოფილიყო 600, რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებით, სიცრუით. მხოლოდ სამი კვირაა დარჩენილი, ოდნავ მეტი, არჩევნებამდე, უპრეცენდენტოდ მშვიდ, ჯანსაღ გარემოში. საარჩევნო პროცესებზე გელაპარაკებით - სად იყო ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არ ყოფილა და ამიტომ არის სიცრუით სავსე ეს განცხადება. გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე", - ამბობს კობახიძე.
ასევე ნახეთ საზღვარგარეთ დამატებითი უბნები არ იხსნება, ამომრჩეველთა ნაწილი სიაში საკუთარ თავს ვერ პოულობს ასევე ნახეთ „აგენტების კანონზე“ სწრაფი და ეფექტური - ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგსაქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.