საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან საუბარში განმარტა ანტიკორუფციული ბიუროსადმი მიმართვის საფუძველი, გაეუქმებინა გადაწყვეტილება, რომლითაც უწყებამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად" გამოაცხადა.
"ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა - ანტიკორუფციული ბიურო არ არის პოლიტიკური ორგანო, აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციულ ბიურო მოქმედებს არსებითად სამართლებრივი კრიტერიუმებით. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობიდანაც ამოვიდეთ, როცა შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. სწორედ აქედან გამომდინარე წარვადგინეთ შესაბამისი მოწოდება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ.
ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ იქნება მიზანშეწონილი, მიუხედავად სათანადო პირობების არსებობისა, "საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის" თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ასეთი სტატუსის შეფარდება. ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არაფერს არ იძლევა. ერთადერთი, რასაც იძლევა, შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს საბაბი სპეკულაციისთვის", - თქვა ირაკლი კობახიძემ. შესაბამისად, მისი სიტყვებით, "არ ივარგებდა წმინდა სამართლებრივი მოქმედება".
თავისივე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად 2 ოქტომბერს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა "ეროვნული ინტერესები" და ის დაასახელა, რომ "არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები".
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ მიიჩნია. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ამ მიზეზით ვეღარ დააკვირდებოდნენ მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
1 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს გადაწყვეტილების გაუქმების მოწოდებით მიმართა. პრემიერი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს მოხსნოდათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი.
მანამდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ორგანიზაცია დააკვირდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ისე, როგორც ამას 24 წლის განმავლობაში აკეთებდა ყველა არჩევნებზე.
ეკა გიგაური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ 2 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს "ტყუილს", ხოლო დამდგარ შედეგს "ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვებას" უწოდებს.
ასევე ნახეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არჩევნებს კვლავ დააკვირდება - ეკა გიგაური