წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) 28 სექტემბერს აკურთხა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, რომელიც თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ლისში, აშენდა, ამის შესახებ „საპატრიარქოს უწყებანი“ წერს.
რუსეთის ქართული სათვისტომოს ინფორმაციით, ტაძარი ცნობილი რუსი მომღერლისა და კომპოზიტორის, თბილისში დაბადებული სოსო პავლიაშვილის ინიციატივით და დაფინანსებით აშენდა. რა თანხა გამოიყო მშენებლობისთვის, უცნობია.
სათვისტომო მომღერლის კომენტარსაც აქვეყნებს: „მე ძალიან ბედნიერი ვარ. არც კი მჯერა, რომ ეს შევძელით. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება, და მე ეს ვიცი“.
2020 წელს პავლიაშვილი ამბობდა, რომ საქართველოში ეკლესიას აშენებდა, თუმცა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო ამას არ ახმაურებდა.
პავლიაშვილი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის აქტიური მხარდამჭერია. ის ამბობს, რომ „რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიქრისტე გაიმარჯვებს“.