არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ორგანიზაცია დააკვირდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ისე, როგორც ამას 24 წლის განმავლობაში აკეთებდა ყველა არჩევნებზე.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ 2 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს კი იგი "ტყუილს" უწოდებს. პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის რეკომენდაციის საფუძველზე გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც ორგანიზაცია „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად" ჰყავდა გამოცხადებული.
"რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას, ცხადია, ისინი შეეცდებოდნენ, მოეძებნათ გარკვეული არგუმენტები, თუმცა ყველაფერი, რაც ამ პრესკონფერენციაზე ითქვა, არის ტყუილი და არ აქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი იმისთვის, რომ აუხსნან საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, თუ რატომ შეგვიცვალეს ჩვენ სტატუსი და რატომ აგვიკრძალეს არჩევნებზე დაკვირვება", - ამბობს ეკა გიგაური და დამდგარ შედეგს "ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვებას" უწოდებს.
თავისივე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა "ეროვნული ინტერესები" და ის დაასახელა, რომ "არავის არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები".
ასევე ნახეთ რაჟდენ კუპრაშვილი აუქმებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შესახებ მიღებულ თავისსავე გადაწყვეტილებას24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ მიიჩნია. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ამ მიზეზით ვეღარ დააკვირდებოდნენ მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
ასევე ნახეთ პირველად არსებობის ისტორიაში - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სახელით წელს არჩევნებს არავინ დააკვირდება1 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს გადაწყვეტილების გაუქმების მოწოდებით მიმართა. პრემიერი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს მოხსნოდათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი.
მანამდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.
ასევე ნახეთ PACE შეშფოთებულია „TI-საქართველოს“ შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით