პოლიციამ თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში დიდი ოდენობით თანხის დაუფლების საქმეზე 15 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია თაღლითური სქემა - რამდენიმე ღამის კლუბის მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს გადანაწილებული ჰქონდათ როლები და თავიანთ დაწესებულებაში შესულ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხებს სძალავდნენ.
„იმ შემთხვევაში თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მუქარას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას. ხოლო, თუ დაზარალებულები მაინც უარს აცხადებდნენ თაღლითურად დაკისრებული თანხის გადახდაზე მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ“, - წერს შსს.
განცხადების თანახმად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.