თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე შუქრუთელი გიორგი ბიწაძე შეუძლოდ გახდა. რადიო თავისუფლებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, რომ მოშიმშილეს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარეს და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
დღეს, 30 სექტემბერს, შუქრუთელების შიმშილობის 30-ე დღეა. პროტესტმა თბილისში 11 სექტემბერს გადმოინაცვლა.
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა უწყვეტი საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეთა თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
ჭიათურის სამთო მოპოვების მმართველი კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“ აცხადებს, რომ გაცემული აქვს 12 მლნ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია, რომ აქციის ორგანიზატორებს კომპენსაცია სრულად აქვთ აღებული.
შუქრუთელების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება დასახელებული თანხის ოდენობა, ზოგი ოჯახის მიერ მიღებული თანხა კი იყო ავანსი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე. ისინი ამბობენ, რომ კომპენსაციის საბოლოო ოდენობა დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უნდა გამოანგარიშებულიყო, თუმცა კომპანია დასკვნას არ ასაჯაროებს.