სალომე ზურაბიშვილმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა შეხვედრის ამსახველი კადრები, ხოლო ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ქართველ კოლეგასთან გადაღებული ფოტო, რომელსაც თან ერთვის განცხადება.
"საუბრისას [შტაინმაიერმა ზურაბიშვილს] მადლობა გადაუხადა მკაფიო პროევროპული პოზიციისთვის. ამავდროულად, მან სინანული გამოხატა საქართველოს ევროკავშირში შესვლის პროცესში უკან გადადგმული ნაბიჯების გამო. გერმანიის პრეზიდენტის თქმით, [საქართველოს] მთავრობა ამით ისტორიულ შანსს ემუქრება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
გერმანიის პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში ასევე გაკრიტიკებულია კანონი "უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და ნათქვამია, რომ ის ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
"2024 წლის გაზაფხულზე მთავრობამ რამდენიმე კანონი მიიღო, რაც ევროკავშირთან დაახლოებას ართულებს. ასეთია „გამჭვირვალობის კანონი“, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური ინტერესების გამტარებად უნდა დარეგისტრირდნენ".
მოგვიანებით შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. მასში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლეგას ესაუბრა „ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის“.
გუშინ, 29 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში ქართულ დიასპორას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ის ხვალ უკვე ვარშავაში ჩავა, სადაც უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.