ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა მოსკოვში საცხოვრებელ კომპლექსში გაზის ბალონების აფეთქების შედეგად

მოსკოვის ჩრდილოეთში, ილმენის პროსპექტზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „სელიგარში“, აფეთქდა გაზის ბალონები, რასაც მოჰყვა ხანძარი. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ დაახლოებით რვა აფეთქების ხმა გაიგონეს. ცეცხლი მეხუთიდან მერვე სართულამდე გავრცელდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი - დაშავდა. მაშველებმა მოახერხეს ხუთი ადამიანის გადარჩენა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ ბინაში გაზის ბალონები სპონტანურად აფეთქდა. მათ იყენებდნენ დასაჭიმი ჭერის მონტაჟისთვის. გამოცემა "ბაზას" ცნობით, ბალონები სწორედ იმ ბინაში აფეთქდა, სადაც რემონტი მიმდინარეობდა.

საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს აქრობდა 88 მეხანძრე. მათ მხოლოდ ხუთი საათის შემდეგ შეძლეს ხანძრის ჩაქრობა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე გაუფრთხილებლობით ადამიანის დაღუპვის მუხლით.