ავსტრიაში არჩევნების შემდეგ პარტიების ხელმძღვანელები ერთიანდებიან ულტრამემარჯვენეთა ლიდერის წინააღმდეგ

ჰერბერტ კიკლი, ავსტრიის ულტრამემარჯვენე პარტია "თავისუფლების" ლიდერი

ავსტრიის პარტიების ლიდერები გაერთიანდნენ იმ იდეის უარსაყოფად, რომ შესაძლებელია კოალიციის შექმნა ულტრამემარჯვენე პარტია "თავისუფლებასთან" (FPO), რომლის ლიდერია ჰერბერტ კიკლი - FPO, როგორც ჩანს, 29 სექტემბრის არჩევნების შედეგებით პირველ ადგილზე გავიდა.

კომპანია Foresight-ის მიერ სამაუწყებლო კომპანია ORF-სთვის ჩატარებული გამოკითხვის წინასწარი შედეგებით, პარტია "თავისუფლებას" ერგო ხმების 28,9 პროცენტი, ხოლო კონსერვატიულ სახალხო პარტიას (OVP) - 26,3 პროცენტი. ეს მონაცემი ეფუძნება ბიულეტენების 83 პროცენტს.

FPO-ს კოალიციის შექმნა დასჭირდება ერთ ან ორ პარტიასთან, რათა საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდეს და სტაბილური მთავრობა შექმნას - მაგრამ კენჭისყრის შემდეგ პარტიებმა გამართეს კონსულტაცია, რომელზეც ამგვარი კოალიციის შექმნის სურვილი არცერთ პოტენციურ პარტნიორს არ გამოუხატავს.

ასევე ნახეთ არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტია "თავისუფლება" უსწრებს მმართველ კონსერვატორებს