"საბურთალოზე დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია" - ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, გიორგი საყურაშვილი დაპირისპირებულებს აშველებდა.
„გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი" - წერია თბილისის კონსერვატორიის მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში.
მკვლელობა 27 სექტემბერს საბურთალოს ქუჩაზე მოხდა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.