"რუსები პირველები შეიტყობენ, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინას შორი მოქმედების იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების ნებართვა მისცეს", - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერჰიი ნიკიფოროვმა გააკეთა 28 სექტემბერს, უკრაინული ტელემარათონის ეთერში. მისი თქმით, ჯერჯერობით ამ საკითხზე „საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის“.
ნიკიფოროვის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ნებართვის მიღების შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული ძალები გამოიყენებენ შორი მოქმედების იარაღს სიახლის ოფიციალურად გამოცხადებამდე. ადრე ამგვარი შესაძლებლობის შესახებ წერდა ბრიტანული პრესა. ამასთან, ბევრმა დასავლურმა გამოცემამ აღნიშნა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციაში ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს დისკუსია.
ნიკიფოროვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს მოლაპარაკებები გამართა ყველა იმ ქვეყანასთან, რომელზედაც დამოკიდებულია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით იერიშის მიტანის ნებართვის გადაწყვეტილება. „უკრაინა უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს პარტნიორებზე. იმედი გვაქვს, რომ პარტნიორები დათმობენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
ნიკიფოროვმა ასევე უარყო მრავალი დასავლური მედიის, კერძოდ, Bloomberg-სა და Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ცნობები, რომ თითქოსდა ვაშინგტონი "ცივად" შეხვდა ეგრეთ წოდებულ გამარჯვების გეგმას, რომელიც ზელენსკიმ წარუდგინა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა ამერიკელ ლიდერებს. "ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, - კონსტრუქციულად და დიდი ინტერესით და მიიღეს“.
სერჰიი ნიკიფოროვი ირწმუნება, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 12 ოქტომბერს, გერმანიაში ზელენსკისთან და სხვა ლიდერებთან შეხვედრის დროს, ექნება გარკვეული პასუხი უკრაინის წინადადებებზე.
თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „გამარჯვების გეგმის" შემდგომი განხილვა ოქტომბერში გაგრძელდება. მან ოქტომბერს "გადაწყვეტილების დრო" უწოდა.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, 28 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კითხვაზე - მიიღებს თუ არა კიევის ნებართვას, გამოიყენოს დასავლური იარაღი რუსეთის ზურგში სამხედრო ობიექტებზე დარტყმისთვის - უპასუხა, რომ უკრაინის ადმინისტრაცია და პარტნიორები სწავლობენ ამ გეგმის დეტალებს.
„კიევის მოკავშირეები, საჭიროების შემთხვევაში, განიხილავენ დამატებით ქმედებებს, რათა დაეხმარონ უკრაინელებს გამარჯვების მიღწევაში“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, დასავლეთის თანხმობას მოსკოვში აღიქვამს როგორც ნატოს პირდაპირ ჩართვას რუსეთის წინააღმდეგ ომში.