შუქრუთელები პირდაპირ ეთერში კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებთან დებატებს ითხოვენ. მათი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "მიკერძოებული" სიუჟეტი გააკეთა პარლამენტთან მიმდინარე პროტესტზე.
აქციის მონაწილეებმა სამშაბათს, პირველ ოქტომბერს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე მსვლელობაც დააანონსეს.
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 26 სექტემბერს გაავრცელა განცხადება შუქრუთსა და თბილისში მიმდინარე პროტესტზე. მათი თქმით, "ადამიანთა რადიკალური ჯგუფი", რომელიც სოფელ შუქრუთში მიმდინარე "დესტრუქციულ პროცესს" ხელმძღვანელობს, ასევე პარლამენტის შენობასთან მართავს აქციას, "სრულად არის მართული ეგრეთ წოდებული სამოქალაქო სექტორის მიერ".
"გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მათ უკან დგანან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ასევე რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც თავის მხრივ, საპროტესტო აქციებს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს.
უფრო კონკრეტულად, რამდენიმე მომიტინგეს ზურგს უმაგრებს რიგი საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაცია", - წერია განცხადებაში, რომელშიც დასახელებულია რამდენიმე მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", “მაუწყებელი”, “მწვანე ალტერნატივა”, “მთის ამბები”, "ხმა".
შუქრუთელების ნაწილის შიმშილობის აქცია საქართველოს საკანონმდებლო შენობის წინ ოცდამეხუთე დღეა გრძელდება. პროტესტმა თბილისში 11 სექტემბერს გადაინაცვლა.
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა უწყვეტი საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეთა თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
Your browser doesn’t support HTML5
ჭიათურის სამთო-მოპოვების მმართველი კომპანია "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“ აცხადებს, რომ გაცემული აქვს 12 მლნ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია, რომ აქციის ორგანიზატორებს კომპენსაცია სრულად აქვთ აღებული.
შუქრუთელების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება დასახელებული თანხის ოდენობა, ზოგი ოჯახის მიერ მიღებული თანხა კი იყო ავანსი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე. ისინი ამბობენ, რომ კომპენსაციის საბოლოო ოდენობა დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უნდა გამოანგარიშებულიყო, თუმცა კომპანია დასკვნას არ ასაჯაროებს.
ასევე ნახეთ კობახიძე მოშიმშილე შუქრუთელებს: ჯერჯერობით კომპანიის საქმეა მოლაპარაკება