ლენინიდან ლამბორგინიმდე: საბჭოთა საქართველოში დაბადებული დიზაინერი და ლეგენდარული სპორტული მანქანები

ავტომობილების დიზაინერი საშა სელიპანოვი და თავისი შექმნლი ჰიპერავტომობილი Nilu 27

ავტომანქანების ცნობილმა დიზაინერმა, საშა სელიპანოვმა, აგვისტოში, როცა თავისი საკუთარი ჰიპერავტომობილი Nilu 27 წარმოადგინა, ზოგიერთი ჟურნალისტი დაინტერესდა მისი დასახელებით.

როგორც გაირკვა, Nilu მისი ორი ქალიშვილის, ნიცას და ლუსიას სახელების შერწყმით წარმოიშვა, ხოლო 27 დაკავშირებულია იმასთან, რაც მან ბავშვობისას, თბილისის ცენტრში ომის პერიოდში გადაიტანა და იხილა და რამაც შეცვალა მისი ცხოვრება.

1991 წლის ზამთარში, ახლად დამოუკიდებელ საქართველოში, სამოქალაქო ომი დაიწყო და შვიდი წლის სელიპანოვი შეიარაღებული დაპირისპირების უშუალო მოწმე გახდა.

შეიარაღებული პირები დღევანდელი თავისუფლების მოედნის მახლობლად, სადაც საშა სელიპანოვი ცხოვრობდა ბავშვობაში. 1991 წლის ბოლო.

„ძალიან კარგად მახსოვს ის დრო“, ამბობს სელიპანოვი, როცა იხსენებს, როგორ იყო თავის ოჯახთან ერთად სახლში, მათ ბინაში, თბილისის ცენტრალურ უბანში. „ყველგან სროლა ისმოდა, შეიარაღებულმა პირებმა მეზობლად რამდენიმე შენობა დაწვეს და ჩემი საყვარელი კაფე-სანაყინეც ცეცხლმა მოსპო“.

როცა ბრძოლები გამძაფრდა, მათთან სელიპანოვის ბაბუა მივიდა. „მან მამაჩემს უთხრა, ბარგი ჩავალაგოთ და წავიდეთო“. როცა ოჯახი მანქანით ქალაქის ცენტრიდან გადიოდა, სელიპანოვი იხსენებს, „ვხედავდით ქუჩებში ასხლეტილ ტყვიებს“.

ბაბუას და ბებიას ბინაში მისვლის შემდეგ, თბილისის სხვა, შედარებით უსაფრთხო უბანში, ბიჭუნამ იქაურობა დაათვალიერა და აღმოაჩინა ავტომობილების ძველი ჟურნალი, რომლის ფურცვლისას მისი ყურადღება მიიპყრო ერთმა ფოტომ. ეს იყო სპორტული წითელი ფერარი, წინ 27-ე ნომრით.

სელიპანოვს საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავების სიყვარული ომის ახლოდან ნახვის შემდეგ გაუქრა. „ძალიან შეწუხებული ვიყავი იმ ყველაფრით და ნამდვილად არ მახარებდა ბრძოლების ყურება“, თქვა მან. ფერარი კი სხვა იყო.

Ferrari 126C3, რომლის ფოტოც ნახა სელიპანოვმა 1991 წელს.

სპორტულ ავტომობილებს მიგ-29-ის და სუ-27ის ტიპის ავიაგამანადგურებლების აგრესიული გარეგნობა ჰქონდა, რომელიც ბიჭს ძალიან მოსწონდა, მაგრამ „უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის მიზნის გარეშეო“, ამბობს ახლა დიზაინერი. „უბრალოდ ვიფიქრე, რომ საოცარი გარეგნობა ჰქონდა“. იმ მომენტიდან მანქანები გახდა სელიპანოვის დიდი გატაცება, მაგრამ საქართველოში იმ დროს ყველაზე პოპულარული მანქანა საბჭოთა წარმოების ნივა იყო.

მას შემდეგ, რაც ოჯახი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, 1990-იანი წლების დასაწყისში, სელიპანოვის მშობლებმა სურსათის იმპორტის ბიზნესი დაიწყეს, შემდეგ კი - დაფასოებული ზღვის პროდუქტების გაყიდვის კომპანია დააფუძნეს. ოჯახი საკმაოდ მომჭირნედ ცხოვრობდა და 2001 წელს შეძლეს, სელიპანოვი შეერთებულ შტატებში გაეგზავნათ, სადაც ის ArtCenter-ის დიზაინის სკოლაში სწავლობდა კალიფორნიაში.

სწავლის დამთავრების შემდეგ, სელიპანოვმა მუშაობა დაიწყო Volkswagen-ში, გერმანიაში, სადაც ხვეწდა თავის უნარებს, მაგრამ სულ უფრო იმედგაცრუებული იყო „კორპორაციული დიზაინის“ შეზღუდვებით.

შემდეგ კი იყო იღბლიანი შემთხვევა.

საშა სელიპანოვის ესკიზები ლამბორგინის ექსტერიერისთვის.

კომპანია Lamborghini დაინტერესდა, შეეძლო თუ არა Volkswagen-ის დიზაინერთა გუნდს გერმანიაში, შეემუშავებინა ინტერიერი მათი ახალი სუპერავტომობილისთვის. სელიპანოვი ეხვეწებოდა თავის უფროსს, მიეცა მისთვის ექსტერიერის შემუშავების შესაძლებლობა, რაზეც ის ბოლოს უხალისოდ დათანხმდა. როცა Volkswagen-ის ხელმძღვანელმა დიზაინის ესკიზების საქაღალდე გახსნა, პირველი ესკიზი, რომელიც დაინახა, იყო სელიპანოვისეული ესკიზი სოლისებრი Lamborghini-სა, რომელიც გამოიყურებოდა როგორც: „მას თქვენი სოფლის გადაწვა სურს“. დირექტორმა ნამუშევარი მოიწონა.

სელიპანოვი გაგზავნეს Lamborghini-ს შტაბბინაში, სანტ'აგატაში, იტალიაში, სადაც შეუერთდა იტალიურ გუნდს, რომელიც მუშაობდა შემდგომში Huracan-ის სახელით ცნობილ ავტომობილზე.

2024 წლის ერთ პოდკასტში, სელიპანოვი ემოციურად იხსენებს თავის, როგორც დაბალშემოსავლიანი დიზაინერის ჩასვლას ჩრდილოეთ იტალიის ქალაქში. „რასაც გავწვდი, ის იყო, რომ ვიყიდე ერთი მოცარელა და წითელი ღვინო ქაღალდის პატარა პაკეტში“. ის იხსენებს, რომ ქუჩაში დაჯდა და ყველიდან ჩამოსული რძის წვეთები სახეზე ჩამოსდიოდა: „მიწას შევეხე და ვფიქრობდი, აზრზე ხარ? შევძელი, "მექაში" ვარ, დიდი ადამიანები დადიოდნენ აქ, რაღაც მაგარი უნდა გავაკეთო“.

Lamborghini Huracan-ის ფოტო კიევში.

პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, უცნობმა ახალგაზრდა დიზაინერმა, რომელიც Lamborgini-ს გუნდიდან არავის მიუწვევია, გადაიტანა „რამდენიმე საკმაოდ უხეში კამათი, მაგიდაზე მუშტების დარტყმით“.

მაგრამ წყნარად მოსაუბრე ქართველი ამბობს, რომ ის და Lamborghini-ს გუნდი მალე დაახლოვდნენ პიცისა და სასმელების და იტალიური კულტურისადმი მისი სიყვარულის წყალობით. „ისინი რაღაცით ჩემს ქართულ გარემოს მახსენებდნენ, შესანიშნავი, შესანიშნავი ბიჭები არიან“.

სელიპანოვის ესკიზების დიდი ნაწილი გამოიყენეს Huracan-ის საბოლოო საწარმოო მოდელში და ავტომობილი გახდა ჰიტი, ათიათასობით გაიყიდა.

Huracan-ის ბოლო პარტია ახლახან გაიყიდა მთლიანად და დასრულდა წარმოების ათწლიანი ვადა.

Bugatti Chiron-ი, რომელიც 2016 წელს გამოვიდა მას შემდეგ, რაც სელიპანოვი ფრანგული ავტომობილების მწარმოებლის ექსტერიერის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.

სელიპანოვი შემდეგ ფრანგული ჰიპერავტომობილების კომპანია Bugatti-ს ექსტერიერის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. 2016 წელს Bugatti Chiron-ის პრეზენტაციის შემდეგ, თბილისში დაბადებულმა ავტომობილების ფანატიკოსმა თავისი სახელი დიდი დიზაინის პანთეონში მკვიდრად ჩაწერა.

Chiron-ი შეაფასეს, როგორც „სრულყოფილი მანქანა“. 500-ივე წარმოებული Bugatti Chiron-ი - თითო 3 მილიონზე მეტი დოლარის ღირებულების - გაიყიდა ამ ჰიპერმანქანის 2016 წლის პრეზენტაციის შემდეგ. ვიდეოს, რომელზეც Chiron-ი სიჩქარის მსოფლიო რეკორდს ხსნის, თითქმის 100 მილიონი ნახვა აქვს.

Bugatti Chiron-ის დეტალი - სელიპანოვი ამბობს, რომ მისი მიზანი იყო, ჰიპერავტომობილს „გაშლილი პარაშუტის“ მაგვარი ექსტერიერი ჰქონოდა.

სელიპანოვის ვარსკვლავი კიდევ უფრო გაბრწყინდა 2019 წელს, როცა ის შვედური ჰიპერავტომობილების მწარმოებლის, Koenigsegg-ის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.

ასეთი ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, სელიპანოვის მომავალი შეიძლებოდა უღრუბლო ყოფილიყო: ემუშავა ჰიპერავტომობილების წამყვანი მწარმოებელი დიდი კომპანიებისთვის, რომელთაც ღრმა ჯიბეები აქვთ. ამის ნაცვლად, ის უფრო ხიფათიან გზას დაადგა. 2023 წელს სელიპანოვმა და მისმა ცოლმა, ინამ, დააარსეს მანქანის დიზაინის საკუთარი სტუდია, Hardline27. შემდეგ კი წყვილმა Nilu27 წარადგინა.

Nilu27

ავტომობილის დასახელება სელიპანოვის ორი ქალიშვილის, ნიკასა და ლუსიას სახელების შერწყმითაა შექმნილი, ხოლო 27 იმ ფერარის ნომერია, რომელიც ჟურნალში იხილა, ბავშვობაში Nilu-მ დიდი გამოხმაურება გამოიწვია მედიაში თავისი ესთეტიკის გამო. ავტომობილს არ აქვს ზედმეტი ფორმები, რაც ბევრს ჰიპერავტომობილს ახასიათებს.

პირველი 15 ერთეული 3,7 მილიონ დოლარად გაიყიდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სელიპანოვმა მთელი საფინანსო შესაძლებლობა მას მოახმარა.

საშა სელიპანოვი (მარჯვნივ) ჰიპერავტომობილ Nilu27-ის წარმოდგენისას

შეკითხვაზე, რატომ ჩადო ამოდენა სახსრები და ამდენი დრო ასეთი ამბიციურ პროექტში, სელიპანოვი მშობლებს იმოწმებს, რომლებმაც ჩაუნერგეს მას ყოველი წამის დაფასების „თითქმის არაჯანსაღი გრძნობა“.

საშასაც და მის ძმას, დმიტრისაც, წარმატებულ კომპოზიტორს, ასწავლიდნენ, რომ „დრო შეზღუდულია, თუ გსურთ რამეს მიაღწიოთ, არ გაქვთ უფლება დღე უბრალოდ გაატაროთ, არ დაისახოთ რაიმე მიზანი იმ დღეს და არ მიაღწიოთ რაიმე მნიშვნელოვანს“. დღის უქმად გატარება, - ფიქრობს სელიპანოვი, - „უდიდესი დანაშაულია, რომელიც თქვენი თავის მიმართ შეგიძლიათ ჩაიდინოთ“.