24 სექტემბრიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 25 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. პრეზენტაცია დღეს რუსთავის ცენტრში გაიმართა. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ პრეზენტაციაზე თქვა, რომ 17-ადგილიანი ავტობუსები ე.წ. ძველი რუსთავიდან გავა. საბოლოო გაჩერება თბილისში იქნება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ახალი ტრანსპორტი თბილისში „ბასლაინზე“ ივლის.
ავტობუსების მწარმოებელია ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია „ოტოკარი“. ამ კომპანიის ავტობუსები ორი წელია, რუსთავის შიდა მარშრუტებზე მოძრაობს. მაშინ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 40 ავტობუსის შეძენა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხერხდა. ახალი კონტრაქტით, თურქულმა კომპანიამ რუსთავისთვის უნდა დაამზადოს სულ 70 ავტობუსი, რომლებიც რუსთავი-თბილისის მიმართულებით, ხუთ სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებენ. ავტობუსები შეიძინეს ფინანსთა სამინისტროსგან აღებული 19 მილიონ 750 ლარის კრედიტით. საპროცენტო განაკვეთი 8%-ია. დანარჩენ 45 ავტობუსს მერია იანვარში ელოდება.
ყოველდღიურად რუსთავიდან თბილისში 30 ათასი ადამიანი მგზავრობს. მათი დიდი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. ახალი მარშრუტები თბილისთან შეთანხმებით დამტკიცდა. ადრე შეძენილი ამავე გაბარიტის 12 ავტობუსს მგზავრები წელიწადზე მეტია, თბილისში ისნის მიმართულებით რუსთავის გასასვლელიდან გადაჰყავს.
ნინო ლაცაბიძემ თქვა, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება ფორსმაჟორულ ვითარებაში მიიღეს, რადგან მოსახლეობა უკმაყოფილო იყო კერძო კომპანია „ინტერტრანსით“, რომელიც თბილისის მიმართულებით 11 ხაზს ფლობს.
დამტკიცებულია კიდევ სამი ახალი მარშრუტი: უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე, რომელიც ვაკესაც გაივლის, რკინიგზის სადგურამდე და დიდუბის ავტოსადგურამდე. აღნიშნულ მარშრუტებზე სამოძრაოდ განსაზღვრული ავტობუსები ეტაპობრივად შევა ქალაქში. ყველა ავტობუსი „ბასლაინზე“ იმოძრავებს. რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ახალ მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფები ჯერჯერობით იგივე იქნება- 2,5 ლარი. ამ შემთხვევაშიც, გარკვეული კატეგორიის მგზავრობის საფასურს მერია ნაწილობრივ დააფინანსებს - სტუდენტების მგზავრობას ერთი ლარით, შშმ პირებისთვის კი 1,5 ლარით.
ტოგონიძემ ასევე თქვა, რომ დანარჩენ სამ მარშრუტზე რუსთავიდან გასვლის ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის. ეს დამოკიდებული იქნება ახალი ხაზის მუშაობაზე, მგზავრთა ნაკადზე, მგზავრობის ხანგრძლივობის დაზუსტებაზე.