ტიხორეცკის რაიონში, სადაც სამხედრო ბაზას დრონმა შეუტია, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კრასნოდარის ოლქის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის თქმით, ლოკალური საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა ტიხორეცკის რაიონში, სადაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი იარაღის საწყობში.

კონდრატიევის თქმით, ამჟამად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და საგანგებო რეჟიმი შემოიღეს "ადამიანებისთვის დახმარების ორგანიზებისა და ინციდენტთან დაკავშირებული ყველა საკითხის დროულად მოგვარების მიზნით." მაგრამ შაბათს ის ამბობდა, რომ 1200 ადამიანი იქნა ევაკუირებული იმ დასახლებიდან, რომლის გვერდითაც საწყობი მდებარეობს.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ცნობა რუსეთის ტერიტორიაზე ორი სამხედრო არსენალის განადგურების შესახებ. პირველი მდებარეობს ტიხორეცკის რაიონში, მეორე კი რუსეთის ტვერის რეგიონში. ვარაუდობენ, რომ უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად განადგურდა ათასობით ტონა საბრძოლო მასალა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული საშუალებები.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტმა "სქემებმა" გამოაქვეყნა სატელიტური სურათები, რომლებზეც ასახულია სოფელ კამენის ჩრდილოეთით მდებარე საწყობზე დრონების თავდასხმის შედეგები. სურათების მიხედვით, ხანძარი შაბათს დღის მეორე ნახევარშიც გრძელდებოდა.

ასევე ნახეთ

დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში ორი სამხედრო საწყობი იწვის

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის რეგიონები რეგულარულად იბომბება დრონების მონაწილეობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე წარმატებით ჩამოგდებულ რაკეტებსა და თვითმფრინავებზე. არის ნგრევა და მსხვერპლი. უმეტეს შემთხვევაში კიევი ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.