ხაზარაძე შეუძლებელს უწოდებს გახარიას ახალი პირობების ხელმოწერას. მზადაა მანამდე შეთანხმებულის ხელმოწერაზე

მამუკა ხაზარაძე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა პარტიის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან, ამბობს, რომ შეუძლებელია მის მიერ დღეს, 20 სექტემბერს, წარმოდგენილი პირობების შესრულება.

გახარიამ თქვა, რომ მზადაა, საპარლამენტო არჩევნებისთვის „ლელოსთან“ საერთო შეთანხმებას მოაწეროს ხელი, თუ მამუკა ხაზარაძის პარტია მის სამ პირობას დასთანხმდება. (ნეიტრალური პლატფორმა, პარიტეტული პრინციპი და პრინციპი, რომ ამ არჩევნების შემდეგ არ შედგება კოალიცია არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.)

"დღეს გახარიამ თქვა, რომ წერტილი დაესვა მოლაპარაკებას. მან თქვა აბსოლუტურად ახალი პირობები, რომელიც ტექნიკურ-სამართლებრივად და უამრავი სხვა პირობების გათვალისწინებით, შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტია, კოალიცია და გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას. იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, შეუძლებელია რაიმე კამპანიის, რაიმე ნომრის, რაიმე სიის და ტექნიკურ საშუალებების მომზადება, მისი განთავსება და სხვა", - თქვა მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი სიტყვებით, კოალიცია „ძლიერი საქართველო” დღესაც მზადაა, ხელი მოაწეროს პრეზიდენტთან 18 სექტემბერს მიღწეულ ცხრაპუნქტიან შეთანხმებას.

ასევე ნახეთ გახარია მზადაა, ხაზარაძესთან შეთანხმებას ხელი მოაწეროს სამი პირობის შესრულების შემთხვევაში

"ზუსტად ცხრა პუნქტი იქნა ჩამოყალიბებული და ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად გუშინწინ ჩვენ ამ პუნქტებზე შევთანხმდით, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე და არა სხვა რაღაც მოსაზრებებიდან გამომდინარე... დავეთანხმეთ ჩვენ, რომ აგვეღო ბაზად ნომერი ცხრა, შევთანხმდით, რომ ყოფილიყო პარიტეტული მმართველობა, თანასწორუფლებიანი წარმომადგენლობა სიაში, პირველი ადგილი დაგვეთმო ცნობილი, არაპარტიული ადამიანისთვის", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მისი განმარტებით, 18 სექტემბერს პრეზიდენტის სასახლე დატოვეს შეგრძნებით, რომ "გუშინ [19 სექტემბერს] ჩვენ უკვე სია უნდა მიგვეტანა ქალბატონ პრეზიდენტთან და ცოტა ხანში გაგვეცნო საზოგადოებისთვის, თუ ვინ იქნებოდა პირველი ოცეული".

"და ყველაზე დიდი არგუმენტი, რომელმაც ააყირავა ეს მოლაპარაკება, იყო ბატონი ცუცქირიძის ეს დილის ინტერვიუ, რომელიც, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასერიოზული და ჩვენ თუ გვინდა შევცვალოთ ხელისუფლება, თუ გვინდა, რომ გადავიდეთ ნამდვილ დემოკრატიულ მმართველობაზე, მაშინ უნდა მივეჩვიოთ, რომ კოალიციურ პარტნიორებს აზრის გამოხატვის უფლება აქვთ. თუმცა აქვე მინდა განვმარტო სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩემი კოალიციური პარტნიორები, ანა დოლიძეც, ალეკო ელისაშვილიც, ბატონი ცუცქირიძეც პირისპირ შეხვდნენ პრეზიდენტს და ამის მერე გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება არის საჭირო ქვეყნისთვის. შესაბამისად, ამ მანდატით ვსაუბრობდი მე ამ მოლაპარაკებებზე, შესაბამისად, ინტერვიუ, რომელიც მოყვანილია ამ შეთანხმების ჩაშლად, უბრალოდ არასერიოზულია", - თქვა ხაზარაძემ.

ოპოზიციური კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, "თავისუფლების მოედნის", წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ 19 სექტემბერს ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა:

„[გაერთიანებამ] თუ არ მოიტანა შედეგი, ამაზე პასუხისმგებლობას კომენტატორები არ აიღებენ, პასუხისმგებლობა დაგვეკისრება ჩვენ. თეორიულად, მაგალითად, გავერთიანდით და არაფერი არ მოხდა, მერე ამაზე პასუხისმგებლობას ვინ აიღებს? ის ადამიანები, სამგვერდიან სტატუსებს რომ წერენ, რომ გაერთიანება კარგია? ეს ხომ ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება. ჩვენი, ვინც ამ გადაწყვეტილებამდე მივედით. ამიტომ არ არის ეს ასეთი მარტივი გადაწყვეტილება, ამიტომ სჭირდება დრო. .. სერიოზული შეკითხვები გვაქვს როგორც ღირებულებით ნაწილში, ასევე პრაგმატულ ნაწილში… ყველას დაავიწყდება, რომ წერდნენ: ეს უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა. ყველას დაავიწყდება, ვინ რას გვირჩევდა, მაგრამ ყველას დაამახსოვრდება, რომ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილება იყო არასწორი“.

19 სექტემბერს "თავისუფლების მოედანმა" განცხადება გაავრცელა. ამ განცხადების თანახმად, მამუკა ხაზარაძე მოლაპარაკების პროცესში კოალიციის ოთხივე სუბიექტს წარმოადგენს და მათი "ნდობით სარგებლობს".

ასევე ნახეთ ხაზარაძე მოლაპარაკებისას კოალიციის ოთხივე სუბიექტს წარმოადგენს და ჩვენი ნდობით სარგებლობს - "თავისუფლების მოედანი"

მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ კვლავ მზად არის, შეთანხმდეს გიორგი გახარიას პარტიასთან, პრეზიდენტთან 18 სექტემბერს მიღწეული პირობების მიხედვით.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 20 სექტემბერს გიორგი გახარიამ შეცდომა უწოდა მსგავსი მოლაპარაკებების დაწყებას საარჩევნო სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე და იმასაც, რომ საერთო პლატფორმაზე შეუთანხმებლობის მიუხედავად, მოლაპარაკებები გააგრძელა.

„წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში. სამწუხაროდ, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში. ვიღაცისთვის მთავარი მიზანი გახდა მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, სხვებისთვის კი ნებისმიერ ფასად ნებისმიერ ფურცელზე ხელის მოწერა“, - თქვა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ ამ ორ ოპოზიციურ ჯგუფს 16 სექტემბერს მოუწოდა.

ხაზარაძისა და გახარიას პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა გუშინ, 19 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.