უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ აუკრძალა სამსახურებრივ მოწყობილობაზე ტელეგრამის მესიჯების აპლიკაციის გამოყენება ოფიციალურ პირებს, სამხედრო პერსონალს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის თანამშრომლებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორ საწარმოებს.
საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საფრთხეების მინიმუმამდე შემცირების მიზნით. გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა მუშაობა დაკავშირებულია მესიჯების აპლიკაციის გამოყენებასთან.
ეროვნული უსაფრთხოების საკოორდინაციო ცენტრის შეხვედრაზე უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ რუსულ სპეცსამსახურებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა მესიჯების აპლიკაციის მომხმარებლების პირად მიმოწერაზე, მათ პირად მონაცემებსა და წაშლილ შეტყობინებებზე.
უკრაინის უშიშროებისა და უკრაინის არმიის გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთი მესიჯების აპლიკაციას კიბერშეტევებისთვის, მომხმარებლების გეოლოკაციის დადგენისა და სარაკეტო დარტყმების კორექტირების მიზნით იყენებს.
სოციალური ქსელი “ტელეგრამი” რუსმა მეწარმეებმა პაველ და ნიკოლაი დუროვებმა რუსეთში 2013 წელს აამოქმედეს. კომპანიის ოფისი ახლა დუბაიში მდებარეობს. პაველ დუროვმა განაცხადა, რომ რეგულარულად აწყდება ზეწოლას სახელმწიფოებისა და სპეცსამსახურებისგან, რომლებიც ცდილობენ, მოიპოვონ კონტროლი მესიჯების აპლიკაციის მომხმარებლების მონაცემებზე.
ასევე ნახეთ დუროვმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ იგი თანამშრომლობდა საფრანგეთის კონტრდაზვერვასთან - "ლიბერასიონი"