ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, გააგრძელებს რეფორმებს, რომლებიც საჭიროა საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.
ელჩის თქმით, მოვლენათა გაუარესების შემთხვევაში, შეუძლიათ ინსტრუმენტების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება, რომელთა შორის ერთ-ერთია "ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება". ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ოფისში სტუმრობისას განაცხადა მედიასთან.
"იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს იმ ზომების ამოქმედება, რაც გვაქვს ჩვენს ინსტრუმენტთა ყუთში და ეს არის ის, რაც წარსულში გამოგვიყენებია სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ბელარუსთან მიმართებით, სადაც არ ვაღიარეთ არჩევნები. ბელარუსის არჩევნები მოიპარეს და სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ სხვადასხვა ზომის ფართო სპექტრი.
სამწუხაროდ, ჩვენსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა არის იქ, სადაც ის არის. ჩვენ შემოვიღეთ, მათ შორის, სანქციები. ასე რომ, ეს ყველაზე უარესი სცენარია. და იმედია, რომ აქამდე არ მივალთ. და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მშვიდობიანი. და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აირჩევს. ჩვენ პატივს ვცემთ ამ არჩევნების ნებისმიერ შედეგს იმ პირობით, რომ ის იქნება თავისუფალი და სამართლიანი", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
რაცა შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ელჩის თქმით, "დღეს არსებულ ვითარებაში, თუ შენარჩუნდა მიმდინარე ტრაქტორია", "უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა, რომ ევროკომისია დადებით რეკომენდაციას გასცემს გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნაზე, 27 წევრი ქვეყნის ლიდერის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით".
"ჩვენ ველოდებით მმართველი უმრავლესობისგან განმარტებებს მათი ნამდვილი განზრახვების შესახებ. სრულიად გვესმის, რომ საქართველო გადის საარჩევნო პერიოდს... ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ გვექნება ახალი ხელისუფლება, რომელიც მოიგებს არჩევნებს, რომელიც ნამდვილად იქნება მოწოდებული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისკენ", - თქვა ევროკავშირს ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ვითარება გაუარესდა „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ. კანონი ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, აშორებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრებას.
ევროკომისიის მიერ ჯერ კიდევ ივნისში გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი იყო ნაბიჯებზე, რომლებიც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება. მათ შორის დასახელდა პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება.
დოკუმენტი ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მოკლევადიან ზომებს, ხოლო, მეორე მხრივ, ნაბიჯებს, რომლებიც იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდგას, თუ მომავალში საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
პირველ კატეგორიაში შედის ისეთი ზომები, რომლებიც როგორც ბრიუსელმა, ისე ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ შეიძლება მიიღონ.
ევროკომისიამ 2024 წლის 7 ივნისს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს წარუდგინა ზეპირი ანგარიში უკრაინისა და მოლდოვის შესახებ.
ანგარიშის თანახმად, ორივე ქვეყანამ შეასრულა ყველა რეფორმა, რომლებიც რეკომენდაციებში იყო გაწერილი, რაც დიდწილად კანონის უზენაესობის საკითხებს ეხებოდა.
საქართველო ორ ქვეყანას დღემდე ჩამორჩება ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირმა ორ ქვეყანასთან გაწევრების მოლაპარაკებები 25 ივნისს ოფიციალურად დაიწყო. საქართველომ 2022 წელს, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - იგი კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ 2023 წელს გახდა.