ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც ახლა ევროკავშირის თავდაცვის პირველი კომისრობის კანდიდატია, განაცხადა, რომ საჭიროა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 500 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციის ჩადება ევროპის თავდაცვის მრეწველობის განვითარებაში.
ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვა, რადგან რუსეთი შეიძლება 6-8 წელიწადში მზად იყოს დაპირისპირებისთვის, განუცხადა Reuters-ს ევროკავშირის თავდაცვის კომისრის თანამდებობის კანდიდატმა ანდრიუს კუბილიუსმა.
„ნატოს თავდაცვის მინისტრები და გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმირ პუტინი შესაძლოა 6-8 წელიწადში მზად იყოს ნატოსთან და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის“, - თქვა კუბილიუსმა. „თუ ჩვენ სერიოზულად მოვეკიდებით ამ შეფასებებს, მაშინ ეს არის დრო, რომელიც გვაქვს მომზადებისთვის. დრო ბევრი არ გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ უნდა მივიღოთ სწრაფი და ამბიციური გადაწყვეტილებები“.
კუბილიუსის თქმით, ახალ თანამდებობაზე მისი პირველი პრიორიტეტი იქნება ევროკავშირისთვის სამხედრო გამოწვევის მოსამზადებლად საჭირო რესურსების საკითხის შესწავლა. ევროკავშირის მომავალი თავდაცვის კომისარი ამ კვლევას თავისი მანდატის პირველ 100 დღეს დაუთმობს.