როდის გახდება საარჩევნო სიები ცნობილი?

ცესკოში პარტიების რეგისტრაციის შემდეგ მეორე ეტაპია საარჩევნო სიების წარდგენა. ყველა პარტია ვალდებულია, საარჩევნო სიაში ჩაწეროს სულ მცირე 30 ადამიანი. თუ აღმოჩნდება, რომ სიაში უფრო ნაკლები ადამიანია, პარტიას ცესკო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემს.

მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა მათი არჩევნებში ერთად მონაწილეობისთვის საერთო საარჩევნო სიების შექმნაა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიების წარდგენის ვადა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 26 სექტემბერს იწურება. სიის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულადაც.

ცესკოში სიის წარდგენის და გადამოწმების შემდეგ თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც მტკიცდება არჩევნებში მონაწილე პარტიის შემადგენლობა. ბრძანების გამოსაცემად თავმჯდომარეს რამდენიმე დღე აქვს - ამ ბრძანების გამოცემის შემდეგ სიები საჯაროვდება.

აკრძალულია, რომელიმე ერთი პარტიის წევრმა კენჭი მეორე პარტიის სიით იყაროს.

პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ.