„ტროლების ფაბრიკა“, რომელიც, სავარაუდოდ, კრემლთანაა დაკავშირებული, ავრცელებს ყალბ ვიდეოებს, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.
ამის შესახებ ნათქვამია კომპანია Microsoft-ის ახალ ანგარიშში.
მასში, კერძოდ, ნახსენებია ტროლების ორი დაჯგუფება: Storm-1516 და შედარებით ახალი Storm-1679.
Microsoft-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსი ტროლები გააქტიურდნენ აგვისტოს ბოლოს, ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ჰარისის სასარგებლოდ წინასაარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ტროლების დაჯგუფება Storm-1516-მა შექმნა და გაავრცელა ორი ფეიკვიდეო, რომელთაგან თითოეულმა მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა. პირველ ვიდეორგოლში, თანმხლები ტექსტის თანახმად, „ჰარისის მომხრეები მისი მეტოქის, დონალდ ტრამპის მომხრეთა მიტინგში მონაწილეებს ესხმიან თავს“. მეორე დადგმულ ვიდეორგოლში კი ერთ-ერთი გმირი ქალი ამტკიცებს, რომ 2011 წელს მას მანქანით დაეჯახა ჰარისი, რის შედეგადაც ის პარალიზებული იქნა. ფეიკვიდეოები კი ტროლებმა გამოაქვეყნეს მასმედიის სახელს ამოფარებულ საიტზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინაა შექმნილი.
დაჯგუფება Storm-1679-მა შექმნა ყალბი ვიდეო, რომელზეც გამოსახულია ნიუ-იორკში განთავსებული სარეკლამო დაფა, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს, ხმა მისცენ ჰარისს. „ის გპირდებათ უფასო ოპერაციებს თქვენი ბავშვებისთვის სქესის შესაცვლელად, იმისდა მიუხედავად, მოგწონთ თუ არა ეს. გადავაქციოთ ბიჭები ისევ გოგოებად“. ამ ვიდეორგოლმა ოთხი საათის განმავლობაში სოციალურ ქსელ X-ში 100 ათასზე მეტი ნახვა მოაგროვა.
კომპანია „მაიკროსოფტი“ მოელის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება, კრემლის მომხრე როგორც ძველი, ისე ახალი "ტროლების ფაბრიკები" განაგრძობენ დადგმული ვიდეოების გავრცელებას, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.
Microsoft-ის ანგარიშში ასევე ნახსენებია "ტროლების ფაბრიკების" მსგავსი საქმიანობა ირანსა და ჩინეთში.
- 59 წლის კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო.
- კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კამალა ჰარისი აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.
- რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, 78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.