ლიბანში მოქმედი გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაციის, ჰეზბოლას პეიჯერების აფეთქება ისრაელის დაზვერვის და სპეცდანიშნულების სამსახურის, მოსადის ოპერაცია იყო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსადმა ტაივანის მიერ წარმოებულ 5000-ს პეიჯერში, რომლებიც ჰეზბოლას მიერ იყო შეკვეთილი, მცირე რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩადება აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე უზრუნველყო. Reuters-ის თანახმად, ეს ცნობა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის და კიდევ ერთი წყაროსგან მიიღო.
17 სექტემბერს ლიბანში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ რაიონში, თითქმის ერთდროულად აფეთქდა ჰეზბოლას წევრთა პეიჯერები, რომლებსაც კავშირის საშუალებად იყენებენ. 18 სექტემბერს, დილით განახლებული მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე, 9 და დაიჭრა 3000-მდე ადამიანი. დაჭრილებს შორისაა ირანის ელჩი ლიბანში. ჰეზბოლამ აფეთქებების ორგანიზებაში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიებით დაემუქრა.
თავად ისრაელს, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას მტრად ჰყავს გამოცხადებული, პეიჯერების აფეთქებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.