ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ახალაშენებულ კორპუსში, ლიფტი მე-16 სართულიდან მოწყდა და ჩავარდა. შემთხვევა დღეს, 17 სექტემბერს, მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევას ლიფტის კაბინაში მყოფი შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.