„ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი... დღეს დილით, მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე, თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მოლაპარაკების გამართვაზე მზაობა გამოხატეს პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“.
„მოწვევა მივიღეთ პრეზიდენტისგან და ჩვენი გუნდი იქნება წარმოდგენილი შეხვედრაზე. დანარჩენზე წინასწარ საუბარი...“ - უთხრა პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა რადიო თავისუფლებას.
დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და პარტიას „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის ("ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის") ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვან მომენტში შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს.
ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ“, - თქვა პრეზიდენტმა.
მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წავიდა 2019 წელს, როცა პროკურატურაში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ე.წ. ფულის გათეთრებაზე. ხაზარაძე ამბობდა, რომ გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. ხაზარაძე ამტკიცებდა, რომ მისგან მოითხოვდნენ საჯაროდ დაეგმო „ნაციონალური მოძრაობა“ და ელაპარაკა, როგორ ექცეოდა ეს პარტია ბიზნესს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. გახარია წერილის გაგზავნის ფაქტს უარყოფს.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. იმისთვის, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს, პარტიების ნაწილმა არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობა გადაწყვიტა. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ შორისაც, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერ შედგა.