სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდებს ორ ოპოზიციურ ჯგუფს. ამის შესახებ მან ათონელის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„საჭიროა ერთი რამ - ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამისი მჯერა. მე მზად ვარ, როგორც ნეიტრალურმა მხარემ, ამ პროცესს ხელი შევუწყო“, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ორმა ოპოზიციურმა ჯგუფმა: ერთი მხრივ, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ და მეორე მხრივ, ყოფილი პრემიერის პარტიამ „საქართველოსთვის“.

„გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის ("ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის") ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვან მომენტში შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს.

ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ“, - თქვა პრეზიდენტმა.

მანვე „ლელო საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ათონელის რეზიდენციაში მიიწვია მოლაპარაკებების დასასრულებლად. პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკოსები მათთან ხვალ, 17 სექტემბერს, უნდა მივიდნენ.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს იმართება. იმისთვის, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს, პარტიების ნაწილმა ერთიანი სიით მონაწილეობა გადაწყვიტა. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ შორისაც, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერ შედგა.