„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მათი პარტიის წევრზე პოლიციამ იძალადა

ზურაბ აბაევი

„ნაციონალური მოძრაობა“ იუწყება, რომ მათი პარტიის წევრზე პოლიციამ იძალადა. ზურაბ აბაევი დაკავებულია, მას პოლიცია მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

პარტიაში ამბობენ, რომ აბაევი თბილისის ნაძალადევის ოფისის წევრია და ამავე საარჩევნო ოლქში წარმოადგენს „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“.

„როცა ნაძალადევის შტაბისკენ მოდიოდა, პოლიციელებმა იცნეს ის. აბაევი ამბობს, რომ დაუწყეს ფოტოების გადაღება, მიაყენეს შეურაცხყოფა და ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში“, - ამბობს დაკავებულის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

მისივე ცნობით, დაკავებულს ეტყობა ძალადობის კვალი და პოლიციის რაიონულ განყოფილებაში, სადაც ის გადაიყვანეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. აბაევი კლინიკაში გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის უფლებამოსილებაა, გამოძიება დაიწყოს სამართალდამცავის მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.