პოლიციამ გიორგი შანიძე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავა (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით), მოგვიანებით კი მას ბრალი წაუყენეს კანაფის მოყვანისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით).
განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლემ ბრალდებულს შესთავაზა დასკვნითი სიტყვის თქმა.
„თავს მაინცდამაინც კრიმინალად ვერ მივიჩნევ. აქციებს რაც შეეხება, ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი და ამიტომ ჩავიდინე ის დანაშაული, რაზეც მედავებიან და არა იმიტომ, რომ, სიტყვაზე, კამერის დაზიანება მსურდა ან რაღაცა, როგორც ბატონი პროკურორი იძახის... რომ არა პოლიტიკური სარჩული, მე საერთოდ არ დამიჭერდნენ და მეც გარეთ ვიქნებოდი“, - თქვა გიორგი შანიძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი შანიძეს
- სამეთვალყურეო კამერის დაზიანებისთვის 1,5 წლით პატიმრობა შეუფარდეს;
- ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის მოყვანისთვის კი - ოთხი წლის ვადით.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა, მათ შორის რამდენიმე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
დაუდგენელმა პირებმა სცემეს ამ კანონის მოწინააღმდეგეებს საკუთარ სახლებთანაც. ამ დრომდე ამ ძალადობის შემთხვევებში მონაწილე არცერთი ადამიანის დაკავების შესახებ არაა მედიისთვის ცნობილი.