კვირას ნაშუადღევს ხარკოვზე თავდასხმის დროს რუსეთის ჯარებმა ავიაბომბებით დარტყმა განახორციელეს საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობაზე. ამის შესახებ „რბკ-უკრაინა“ იტყობინება ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვისა და ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეჰუბოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სინეჰუბოვმა განმარტა, რომ დარტყმა განხორციელდა ნემიშლიის რაიონზე, სადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 25-მდე ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. აფეთქებები ხარკოვში ადგილობრივი დროით დღის სამი საათის შემდეგ მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა აფეთქებების სერიის შესახებ იტყობინება.
რუსეთის სამხედროებს თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
უკრაინის საჰაერო ძალებმა 15 სექტემბერს განაცხადეს, რომ შაბათს ღამით რუსეთის სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელეს ორი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ით და ერთი მართვადი საავიაციო რაკეტა „ხ-59“-ით. ასევე გამოყენებულ იქნა 14 მოიერიშე დრონი.
ასევე ნახეთ წუხელ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 14 მოიერიშე დრონი და რამდენიმე რაკეტაუკრაინის სარდლობის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ერთი რაკეტა „ხ-59“-ისა და 10 მოიერიშე დრონის ჩამოგდება. მის ანგარიშში ნათქვამია, რომ „ისკანდერ-მ“ რაკეტები ოდესის ოლქის მიმართულებით გაშვებულ იქნა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიიდან.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ კიპერმა თავის ტელეგრამის არხში დაწერა, რომ ოდესის გარეუბანში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. კიპერის თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და დამხმარე შენობები. დათვალიერების დროს იპოვეს ცოლ-ქმრის ცხედრები. საშუალო სიმძიმის ჭრილობა აქვს მიყენებული კიდევ ერთ ხნიერ ქალს. იგი საავადმყოფოში მოათავსეს.
საჰაერო ძალები დასძენენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, სუმის, პოლტავისა და ნიკოლაევის რეგიონებში.
ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა თქვა, რომ დილით რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს მანქანას და მიკროავტობუსს კუცურუბის თემში, რის შედეგადაც დაშავდა ორი ადგილობრივი მცხოვრები, ერთი მათგანი საავადმყოფოში მოათავსეს.
ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წუხელ რუსეთის ტერიტორიაზე 29 დრონი ჩამოაგდესხერსონსა და ხერსონის ოლქში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში დაბომბვისას ორი მცხოვრები დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის სამხედროების დაბომბვის შედეგად ჭურვები მოხვდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს და ქარხნის ტერიტორიას. დარტყმები დაფიქსირდა რეგიონის დასახლებული პუნქტების საცხოვრებელ უბნებზეც, კერძოდ, ორ მაღალსართულიან კორპუსსა და 22 კერძო სახლზე.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა განაცხადა, რომ ნიკოპოლზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა კერძო სახლი, რომელშიც ხანძარი გაჩნდა. ის უკვე აღმოფხვრილია. დაზიანდა ასევე ოთხი მაღალსართულიანი კორპუსი, ავტოსამრეცხაო და ერთი სამგზავრო მანქანა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, აღნიშნა ლისაკმა.
მთელი ომის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ თავდასხმების შესახებ.