პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა

ოლიმპიელების დაჯილდოება ათონელის რეზიდენციის წინ. 13 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ათონელის რეზიდენციის წინ გაიმართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ჯილდო გადასცა პარალიმპიურ და ოლიმპიურ პრიზიორებს, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრებს.

სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა სპორტმენებს მიმართა და უთხრა, რომ მათ მოიპოვეს არამხოლოდ მედლები და ჯილდოები, არამედ ხალხის სიყვარული.

"თქვენ, სპორტსმენებო, გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გიღებთ დღეს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა. არა მხოლოდ მედლები, ჯილდოები და პრემიები დაიმსახურეთ, მიიღეთ ბევრად მეტი, მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს - ესაა ხალხის სიყვარული. დაე, შეგეძლოთ ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება. თქვენ სჭირდებით ქვეყანას, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელის", - თქვა მან.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2024 წელს საქართველომ ევროპიდან "დიდი იმედი და სერიოზული შედეგი" მიიღო.

"ფეხბურთელებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანეს, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა საქართველო ევროპის შუაგულში, პარიზში სერიოზულ მეტოქედ წარმოაჩინეს. ორივე შემთხვევაში ვიზეიმეთ არა მხოლოდ ცალკეული სპორტმენის გამარჯვება, არამედ, ქვეყნის წარმატებაც და მისი მსოფლიო რუკაზე გამოჩენა.

არ არსებობს ალბათ ამაზე დიდი ბედნიერება, როცა უყურებ, რომ მთელ საზოგადოებას ერთად უხარია, ერთად დგას. სპორტის უდიდესი ძალაა ადამიანები გაახაროს და გააბედნიეროს. ასეც მოხდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.