რატომ მიდის იკო საარჩევნო უბანზე და რატომ არასდროს ითხოვს გადასატან ყუთს

შშმ უფლებების დამცველი იკო იაკობიძე არჩევნებზე მიდის.

ცენტრალური საარჩევნო კომისია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ადაპტირებულ გარემოს და შეუფერხებელ საარჩევნო პროცესს ჰპირდება. რა უნდა იცოდნენ ეტლით მოსარგებლეებმა, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე შეუფერხებლად მისცენ ხმა.

არსებობს გარკვეული გარემოებები, რაც უმჯობესია, შშმ პირებმა არჩევნებზე წასვლამდე იცოდნენ და ეს აუცილებელი ინფორმაცია მინიმუმ ორი კვირით ადრე გაარკვიონ და გადაამოწმონ.

ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები

ვარ ეტლით მოსარგებლე, როგორ გავარკვიო, არის თუ არა ჩემი საარჩევნო უბანი ადაპტირებული?

თუკი ეტლით სარგებლობ, მაშინ არჩევნებამდე სულ ცოტა ორი კვირით ადრე მაინც უნდა გადაამოწმო, არის თუ არა ის საარჩევნო უბანი, სადაც ხმა უნდა მისცე, ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებული.

როგორ გადავამოწმო?

უნდა შეხვიდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე (cesko.ge) და დააწკაპუნო აქ, ანუ საარჩევნო რუკაზე. საარჩევნო რუკაში შესვლის შემდეგ, უნდა მოიძიო ის უბანი, სადაც ხმას აძლევ და იქვე შეძლებ გადამოწმებას (დეტალური ინფორმაცია უბნებზე), არის თუ არა ეს უბანი ადაპტირებული ეტლით მოსარგებლეთათვის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 2024 წლის საარჩევნო რუკა უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, 26 სექტემბრამდე განახლდება. ანუ 26 სექტემბრისთვის, როდესაც ცესკოს საიტზე საარჩევნო რუკის ველში შეხვალ, უკვე გეცოდინება, არის თუ არა შენი საარჩევნო უბანი ადაპტირებული.

თუკი აღმოვაჩინე, რომ ჩემი უბანი არ არის ადაპტირებული, როგორ ვიქცევი?

ამ შემთხვევაში, არა უგვიანეს 11 დღით ადრე, ანუ 15 ოქტომბრისთვის, აუცილებლად უნდა მიმართო შენს საუბნო ან საოლქო კომისიას ან დარეკო ცესკოს ცხელ ხაზზე - 2 51 00 51 და მოითხოვო შენს ახლომდებარე, ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე დარეგისტრირება.

ცესკოს მონაცემებით, ბოლო, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, უბნის შეცვლა, ანუ ადაპტირებულ უბანზე დარეგისტრირება 12-მდე ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველმა მოითხოვა.

რატომ მიდის იკო საარჩევნო უბანზე და რატომ არ ითხოვს გადასატან ყუთს

შშმ უფლებების დამცველი იკო იაკობიძე, რომელიც ეტლით მოსარგებლეა, ყოველთვის საარჩევნო უბანზე აძლევს ხმას. მისი საარჩევნო უბანი არ არის ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებული, თუმცა, შესაბამის ვადებში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია მის საარჩევნო უბანზე ე.წ. პორტატულ პანდუსს ამონტაჟებს:

იკო იაკობიძე

„ასევე აუცილებლად ვითხოვ ეტლით მოსარგებლეთათვის ადაპტირებულ საარჩევნო კაბინასაც. ცხადია, ხმის მიცემა ჩვეულებრივ კაბინაშიც შემიძლია, მაგრამ ეს ჩემი, როგორც აქტივისტისა და შშმ უფლებების დამცველისთვის, ერთგვარი განაცხადია, რომ ჩვენ, ეტლით მოსარგებლეები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ვართ, ჩვენ უნდა დაგვინახონ და ჩვენი საჭიროებებიც მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ.

რა თქმა უნდა, მე სახლშიც შემიძლია მოვითხოვო გადასატანი ყუთის მოტანა, მაგრამ ამას არასდროს ვაკეთებ. მე აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ და მინდა, რომ ეს არჩევნების დღესაც ასე იყოს ხოლმე“.

თუკი ბიულეტენი ან კონვერტი დამიზიანდა, როგორ მოვიქცე?

თუკი გაგიფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი (არ აქვს მნიშვნელობა, შენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს ატარებ თუ არა), ეს ინფორმაცია უნდა შეატყობინო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბარო გაფუჭებული ბიულეტენი და მიიღო ახალი.

გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს თუ სპეციალურ კონვერტს, შენი თანდასწრებით უნდა ჩამოეჭრას კუთხე და ზედ დაეწეროს - „გაფუჭებულია“. ამის შემდეგ, მას ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ის ცალკე შეინახება.

პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ