იგი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების საქმეებზე. გურბანოვი ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა.
მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
საქმე ეხება 2015 წელს ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის ფაქტს. პროკურატურის ცნობით, ამ დღეს ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, თანამზრახველთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა.
"ჩამოსვლისთანავე დამნაშავეებმა მკვლელობისთვის მომზადება დაიწყეს და ამ მიზნით თბილისში, პეკინის გამზირზე ხანგრძლივი ვადით, საცხოვრებელი ბინა იქირავეს. მათ სპეციალურად შეიძინეს „ჰონდას“ მარკის ისეთი მოპედი (სკუტერი), რომელსაც რეგისტრაცია არ ესაჭიროებოდა, გადაადგილდებოდნენ ჩაფხუტით და ორმხრივი ქურთუკით. მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა მორიგეობით დაიწყეს ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების კონტროლი. დამნაშავეები თვალთვალისას და ნაქირავებ ბინაში ცხოვრებისას მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ კონსპირაციას. ისინი სისტემატიურად იცვლიდნენ ტანისამოსს, ცვლიდნენ გადაადგილებისას მარშრუტის გზებს და საშუალებებს.
2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი უთვალთვალებდა, ქალაქ თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით სამი გასროლა, მათ შორის თავის არეში ერთი საკონტროლო გასროლა განახორციელა. აღნიშნულის შედეგად, ბესარიონ ხარძიანი ადგილზე გარდაიცვალა. იმავე დღეს, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველო დატოვეს", - აცხადებენ პროკურატურაში.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ფარიდ გურბანოვის თანამზრახველის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება.
ასევე ნახეთ ბიზნესმენის დაანონსებული მკვლელობა49 წლის ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხჯერ გასროლით მოკლეს. ხარძიანის მკვლელობიდან რამდენიმე საათშივე გაჩნდა მოსაზრებები, მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესახებ. ბესიკ ხარძიანმა სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა: „მე ვიძლევი ცუდ გაფრთხილებას: თუ არ აღდგება სამართალი, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში. არავის არ ვაშინებ. პირიქით, ფრთხილად ვიყოთ საზოგადოება, წასული ხელისუფლებაც და ახალიც“.
ბესიკ ხარძიანი „კუს ტბის“ აქციების ერთ-ერთი მფლობელი იყო. ის 2011 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ბიზნესმენი მტკიცედ უარყოფდა. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, ბესიკ ხარძიანი ჟურნალისტებთან ინტერვიუებში ამბობდა, რომ „კუს ტბის“ აქციები მას ციხეში ყოფნის დროს იძულებით დაათმობინეს. ბიზნესმენის განმარტებით, მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი უდესიანმა "კუს ტბის" წილი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ის დააკავეს. ბესიკ ხარძიანმა „კუს ტბის“ ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას მიმართა. გამოძიების შემდეგ მას „კუს ტბის“ აქციები დაუბრუნდა. თუმცა „კუს ტბის“ წილთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა გაგრძელდა.