ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიამ დღეს,12 სექტემბრიდან დაიწყო საქართველოში 26 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნების მონიტორინგის მისია. მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოს მთავრობამ მოიწვია.
სადამკვირვებლო მისიას ოუენ მერფი ხელმძღვანელობს. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი.
მისიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ODIHR-ის დამკვირვებლები არჩევნების ყველა ასპექტს დააკვირდებიან არჩევნების დღემდე და შემდეგ.
როგორც ეუთო/ოდირის განცხადებაშია ნათქვამი დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მათ შორის ონლაინ სივრცეში, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საარჩევნო დავების გადაწყვეტასა და მედია გარემოს. ისინი ასევე შეაფასებენ ODIHR-ის მიერ წარსულში გაწეული არჩევნებთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხორციელებას.
12 სექტემბერს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ოდირის მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ თავი შეიკავა საარჩევნო გარემოს შეფასებისგან და ასევე პასუხისგან შეკითხვაზე, რა გავლენას იქონიებს არჩევნებზე “აგენტების კანონი”. მისი თქმით, ამ საკითხზე ოდირმა გადაუდებელი დასკვნა გამოაქვეყნა. სადამკვირველო მისია კი საარჩევნო კამპანის უწევს მონიტორინგს. ამასთან აღნიშნა, რომ შეაფასებენ “ნებისმიერი კანონის გავლენას, თუ ის რელევანტურია და თუ მას აქვს გავლენა საარჩევნო კამპანიაზე“.
მაისში ეუთოს “დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ოფისმა” (ODIHR) საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. აგენტების კანონის შესახებ იურიდიულ ანალიზი გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ის შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასთან.
ასევე ნახეთ შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასთან - ეუთო/ოდირი "აგენტების კანონზე"ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა მოკლედ უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვყენებულ განცხადებას, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ ვაშინგტონი ცდილობს დაგეგმილ არჩევნებში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მეშვეობით ჩაერიოს.
ასევე ნახეთ რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ-ს სურს „ოცნების“ გამარჯვებაში ხელშეშლა ODIHR-ის დახმარებით“მე ვერ ვუპასუხებ ინდივიდუალურ განცხადებებს. ნებისმიერი მტკიცება, თითქოს ჩვენი სადამკვირვებლო მისია წინასწარი განწყობით, წინასწარი განზრახვით მუშაობს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი დანიშნულება საერთოდ არ არის ვიმოქმედოთ პროცესზე და მასზე ზეგავლენა მოვახდინოთ. ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად. ხაზს იმასაც გავუსვამდი, რომ ჩვენ აქ ხელისუფლების მოწვევით, გადაწყვეტილების მიმღები მხარის მოწვევით ვიმყოფები, რომ ჩვენ შევასრულოთ ჩვენი მისია. აქ ყოფნა არ არის ჩვენი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, ეს არის მისია, რომელიც მოწვევის შემდეგ უნდა შევასრულოთ. რა თქმა უნდა ამ მისიას შევასრულებთ იმ ვალდებულებების მიხედვით, რაც გვაქვს“,- განაცხადა ოუენ მერფიმ.
არჩევნების დღეს ODIHR-ის მისია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპარლამენტისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლასა და შედეგების შეჯამებას.
არჩევნების მომდევნო დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია პრესკონფერენციაზე წარადგენს დაკვირვების წინასწარ შედეგებს. საარჩევნო პროცესის შეფასების საბოლოო ანგარიში, რეკომენდაციების ჩათვლით, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან რამდენიმე თვეში იქნება გამოქვეყნებული.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.