არსებობს გარკვეული გარემოებები, რაც უმჯობესია, შშმ პირებმა არჩევნებზე წასვლამდე იცოდნენ და ეს აუცილებელი ინფორმაცია მინიმუმ ორი კვირით ადრე გაარკვიონ და გადაამოწმონ.
ვარ უსინათლო, რა უნდა ვიცოდე საარჩევნო უბანზე მისვლამდე?
უსინათლო ან მცირედმხედველ ამომრჩეველს 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ყველა საარჩევნო უბანზე შეეძლება ხმის მიცემა.
ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთია ჩარჩო-ფორმა.
თუკი ხარ უსინათლო, საარჩევნო უბანზე დაგხვდება საარჩევნო ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო-ფორმა, რომლის დახმარებითაც დამოუკიდებლად შეძლებ სასურველი კანდიდატის მონიშვნას.
ჩარჩო-ფორმა საარჩევნო ბიულეტენის იდენტურია. ანუ, მასზე, საარჩევნო ბიულეტენის ნუსხის ნუმერაციის შესაბამისად, დატანილია ამობურცული ხაზები იმისთვის, რომ ჩარჩო-ფორმაში, თითების შეხებით შეძლო სასურველი კანდიდატის გადათვლა და მის გასწვრივ ამოჭრილი რგოლის გაფერადება. მთავარია, იცოდე, სიაში რიგით რომელი ნომერია შენი სასურველი კანდიდატი.
ჩარჩო-ფორმის ნიმუში, რომელიც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადდა, ასეთია.
ასევე ნახეთ არჩევნების შედეგებიროგორ, სად და როდის შემიძლია გავეცნო საარჩევნო ბიულეტენს?
საარჩევნო ბიულეტენი შეგიძლია ნახო ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე (cesko.ge) მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ბიულეტენის ტექსტი.
ვადების თანახმად, ეს ტექსტი დამტკიცდება არა უგვიანეს 10 ოქტომბრისა და სწორედ მას მერე აიტვირთება ბიულეტენის ელექტრონული ნიმუში საიტზე, რომელიც ადაპტირებულია უსინათლოთათვის და სწორედ იქ შეძლებ ბიულეტენის შესწავლას და შემდეგ, არჩევნების დღეს, ჩარჩო-ფორმით სასურველი კანდიდატის მოძებნას ბიულეტენში.
მაგრამ თუკი არ გაქვს წვდომა საიტზე, მაშინ საარჩევნო უბანზე მისულს, დაგხვდება ადამიანი, ვინც გაგაცნობს ბიულეტენზე დატანილი კანდიდატების ნუმერაციას.
თუკი მაინც ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლად ვერ მისცემ ხმას?
ასეთ შემთხვევაში, შეგიძლია, საარჩევნო კაბინაში შეიყვანო ნებისმიერი დამხმარე, მათ შორის, უცხოც, გარდა:
- საარჩევნო კომისიის წევრისა;
- კანდიდატისა;
- საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელისა;
- დამკვირვებელისა;
- ჟურნალისტისა.
იმ შემთხვევაში, თუკი მცირემხედველი ხარ, საარჩევნო უბანზე უნდა დაგხვდეს გამადიდებელი ლინზა, რომლის დახმარებითაც შეძლებ საარჩევნო ბიულეტენის წაკითხვას.
ანას არჩევნები
შშმ აქტივისტის, ანა სიხაშვილისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მესამე არჩევნებია, რომელშიც ამომრჩევლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
იცის, როგორ გამოიყენოს ჩარჩო-ფორმა, რომელიც საარჩევნო უბანზე მისულს დახვდება და ამიტომ სხვა პირის, თუნდაც ოჯახის წევრის დახმარება, საარჩევნო კაბინაში არ სჭირდება:
„ჩვენ წინასწარ ვიცით, რა თანმიმდევრობით არიან განლაგებულები ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტები. ამ ფორმას უსინათლოთა კავშირი გვიგზავნის ხოლმე, თუმცა, მისი გაცნობა შესაძლებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზეც. შესაბამისად, ვიცით, ამ ჩამონათვალში, რიგით რომელია ჩვენთვის სასურველი კანდიდატი. როდესაც კაბინაში შევდივართ, ჩარჩო-ფორმაზე დატანილი ხაზების დახმარებით, გადავთვლით ჩვენთვის სასურველ კანდიდატს და მის გასწვრივ ვაფერადებთ რგოლს.
თუმცა, მგონია, რომ უსინათლოთათვის ხმის მიცემის პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდებოდა, თუკი ჩარჩო ფორმაზე საარჩევნო ნომრები ბრაილის შრიფტითაც იქნებოდა დატანილი.
ცხადია, შემიძლია კაბინაში შევიყვანო დამხმარეც, მაგრამ მინდა, რომ ეს პროცესი სრულიად დამოუკიდებლად გავიარო, დამხმარეების გარეშე“, - ეუბნება ანა სიხაშვილი რადიო თავისუფლებას.
თუკი ბიულეტენი ან კონვერტი დამიზიანდა, როგორ მოვიქცე?
თუკი გაგიფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი (არ აქვს მნიშვნელობა, შენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს ატარებ თუ არა), ეს ინფორმაცია უნდა შეატყობინო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბარო გაფუჭებული ბიულეტენი და მიიღო ახალი.
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენს თუ სპეციალურ კონვერტს, შენი თანდასწრებით უნდა ჩამოეჭრას კუთხე და ზედ დაეწეროს - „გაფუჭებულია“. ამის შემდეგ, მას ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ის ცალკე შეინახება.
პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ