ნოდარ მელაძე ცესკოს თავმჯდომარეს ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს, გიორგი კალანდარიშვილი არასწორ ინტერპრეტაციად აფასებს

ფოტოკოლაჟი: ნოდარ მელაძე ტვ "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი და გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ „ერთ- ერთი წარმომადგენელს“ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის მიზნით „მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების“ მცდელობაში ადანაშაულებს. ტვ "პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჟურნალისტებზე ზეწოლაში.

როგორც კალანდარიშვილმა თქვა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე, ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუთხოვიათ და გაუგებარია რა საჯარო ინტერესს წარმოადგენს მათ შესახებ ინფორმაციის დამუშავება.

“როცა სახეზე არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის – ნათესაური კავშირებისა და აღნიშნული ნათესავების დასაქმების ადგილების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და ლეგიტიმური მიზანი, ცხადია, ეს ობიექტურ კითხვებს აჩენს. ხსენებული მედიასაშუალების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ დასმული კითხვების შინაარსი და ფორმა, შეუძლებელია, ემსახურებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს, გარდა იმისა, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობა, მიკერძოებულად მათი საქმიანობის წარმოჩენა მათი ნათესავების სხვადასხვა უწყებაში საქმიანობის ან შესაძლო საქმიანობის გამო და ამით დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და დააზიანებს საარჩევნო გარემოს”, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების ან ნათესავების საქმიანობა, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი.

“საარჩევნო მოხელეები საკუთარ საქმიანობას წარმართავენ კანონმდებლობის შესაბამისად და კეთილსინდისიერად. ჩართულმა მხარეებმა კი მათი საქმიანობა უნდა შეაფასონ სწორედ ქმედებებით და არა - მათი ნათესაური კავშირებით“, - თქვა ცესკოს თავმჯდომარემ.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, “საარჩევნო ადმინისტრაცია თანამშრომლებზე ზეწოლას არ დაუშვებს და ყოველ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები”

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენს და მუქარით ცდილობს შაბათის ეთერის გუნდი აიძულოს არ მოამზადონ სიუჟეტები ცესკოს საქმიანობაზე.

ნოდარ მელაძის განცხადებით, პერსონალური ინფორმაციის დამუშავება არ არის რესპონდენტის ტელეფონის ნომრის გაგება მისთვის კითხვების დასმის მიზნით.

“ეს არის ტყუილი! თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს ან მისამართს რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება. იცით რა იგულისხმა ცესკოს შეფმა? საიდან გაიგეს მისამართებიო?”, - ამბობს ნოდარ მელაძე.

მისი თქმით, საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები, რეალურ მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ გადახედვას მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას.

"ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? ანუ აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბნებზე აღარ შეგვიშვებენ რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ ქართული ოცნების მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ”. განაცხადა ნოდარ მელაძემ.

“მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად” ნოდარ მელაძე მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას და მათ თანამშრომლებს, “უპასუხოს კითხვებს, რომელიც კონკრეტული მასალის მზადებას პროცესში მედიას აქვს”.

მოგვიანებით, გიორგი კალანდარიშვილმა ფეისბუკის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც უპასუხა ნოდარ მელაძის მიერ ”მისი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას” და დაწერა, რომ შეიძლება ცესკომ გადახედოს ტელეკომპანიასთან თანამშრომლობას, თუმცა ეს “არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას. ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს კანონმდებლობის შესაბამისად ექნებათ საშუალება გააშუქონ საარჩევნო პროცესი”.

სიუჟეტს ტვ "პირველი" ახლა ამზადებს და ჯერჯერობით ეთერში არ გასულა.