სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმა

ირაკლი ნადირაძე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე ადმინისტრაციული წესით, 2500 ლარით დააჯარიმა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ედავებოდნენ. პროცესი დღეს, 12 სექტემბერს გაიმართა.

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, რომელიც ირაკლი ნადირაძის ინტერესებს იცავს, მოსამართლეს არ ეთანხმება. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლომ არასამართლიანი, პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო.

„პროცესზე დადასტურდა, რომ პოლიციელებმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს“, - აღნიშნა მან. ტყეშელაძის განცხადებით, პროცესზე შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ ირაკლი ნადირაძემ ხელს შეუშალა მისი თანაფრაქციელის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას.

თავად ეძგვერაძის დაკავების საფუძვლად პოლიციის ღონისძიებისთვის ხელის შეშლას ასახელებენ. ირაკლი ეძგვერაძის სასამართლო პროცესი 13 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

ადვოკატის თქმით, კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ გაასაჩივრებენ თუ არა ირაკლი ნადირაძის დაჯარიმების გადაწყვეტილებას.

4 სექტემბერს საღამოს თბილისში, გლდანში, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ირაკლი ნადირაძე, 5 სექტემბრის გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

„ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დამაკავეს. ჯერ მეუბნებოდნენ, რომ დაკავებული არ ვიყავი, ელოდებოდნენ მითითებებს, მერე კი გადამიყვანეს კონკრეტულ შენობაში და ხელწერილით გამოგვიშვეს", - თქვა ირაკლი ნადირაძემ მედიასთან საუბარში გვიან ღამით.

ნადირაძის დაკავებას წინ უსწრებდა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ახლოს დაკავება. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, ის დააკავეს ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისთვის.