როგორ მივცეთ ხმა ელექტრონული წესით?

2024 წელს არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება. ეს ახალი წესი საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის ქცევას ცვლის.

რა უნდა იცოდეთ?

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ხმის მიცემის წესს ეხება. ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი ბიულეტენზე შემოხაზვის ნაცვლად გააფერადებით უნდა დააფიქსიროს. შემოხაზული ბიულეტენი ხმის მთვლელი მანქანისთვის ბათილი ბიულეტენია.

საარჩევნო ბიულეტენები დასკანერდება, გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები

არჩევნები ყველგან ელექტრონულად ტარდება?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 3030 საარჩევნო უბნიდან 2262-ში ხმის დათვლის ელექტრონული მოწყობილობები განთავსდება. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ხმის დათვლა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები ამ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით წარიმართება.

მხოლოდ 768 უბანზე ჩატარდება კენჭისტრა ტრადიციული, ძველი წესით.

რატომ ელექტრონულად?

ხმის მთვლელ მანქანას აქვს უნარი, მონაცემები სწრაფად დაამუშაოს და ხმების გადათვლის დასრულების შემდეგ „ჩეკი დაბეჭდოს“, სადაც წერია, ვინ რამდენი ხმა მიიღო.

ამის მიუხედავად, გადამოწმების მიზნით, გაიხსნება ელექტრონული საარჩევნო ყუთი და უბანზე ხმების ხელით, „ძველი მეთოდით“ მაინც დაითვლება.

თუ აპარატისა და ხელით დათვლილი მონაცემები ერთმანეთს არ დაემთხვა, ოქმში ეს აისახება და უპირატესობა ხელით გადათვლის შედეგად მიღებულ შედეგებს მიენიჭება.

კიდევ რა სიახლე იქნება?

ელექტრონული არჩევნების გამო საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს რეგისტრატორის მაგიდებზე სამაგიდო სიები (უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელითა და გვარებით) აღარ დახვდებათ. ეს სია ვერიფიკაციის აპარატებში ელექტრონულად იქნება ჩატვირთული.

ამომრჩეველთა სიები გაკრული იქნება საარჩევნო უბნების შესასვლელებთან - ამ სიაში იქნება აღნიშნული სახელი და გვარი და საარჩევნო უბნის ნომერი.

კენჭისყრის დღის პროცედურების უკეთ გასაგებათ, ნახეთ ვიდეო, რომელიც რადიო თავისუფლებამ იმიტირებული კენჭისყრისას გადაიღო.

ამ ბმულზე კი ხმის მიცემაში დისტანციურად მეცადინეობასაც შეძლებთ.

პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ