ბელგოროდის ოლქში სავარაუდო დივერსიის შედეგად რელსებიდან გადავარდა სატვირთო მატარებელი

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთში რკინიგზებზე გახშირდა დივერსიების შემთხვევები.

ბელგოროდის რეგიონში სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. რეგიონის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ინციდენტი მოხდა ნოვო ოსკოლსკის ურბანულ რაიონში.

ნოვო ოსკოლსკ-ვოლოკონოვსკის გზის 697-ე კილომეტრზე რელსებიდან გადავიდა ელექტროვოზი და 11 ვაგონი 58-იდან. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
გლადკოვის თანახმად, მატარებელი რელსებიდან გადავიდა "სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში უკანონო ჩარევის გამო."

ტელეგრამის ზოგიერთმა არხმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა რელსების ქვეშ იყო მოთავსებული. ამ მონაკვეთზე სამგზავრო მატარებლების გასვლა შემოვლითი გზით გადაწყდა. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთში რკინიგზებზე გახშირდა დივერსიების შემთხვევები. სარელეო ყუთებზე ცეცხლის მოკიდებისთვის ხშირად აკავებენ ახალგაზრდებს.
რუსი გამომძიებლები აცხადებენ, რომ მოზარდებს ამგვარი ქმედებებისკენ ინტერნეტიდან მოუწოდებს ზოგიერთი „კურატორი" , რომლებიც მათ ფულს ჰპირდებიან. არ არსებობს მტკიცებულება ასეთი "კურატორების" არსებობის შესახებ, უცნობია ასევე საჯარო ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ.