იგორ სტრელკოვს უარი უთხრეს უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნაზე

იგორ სტრელკოვი (გირკინი) სასამართლოში. მოსკოვი, 21 ივლისი, 2023.

ექსტრემისტული მოწოდებებისთვის გასამართლებულ იგორ სტრელკოვს (გირკინს) სამხედრო ხელისუფლებამ უარი უთხრა უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნაზე. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ მისმა მეუღლემ, მიროსლავა რეგინსკაიამ განაცხადა. მან წაიკითხა ქმრის მიერ გამოგზავნილი წერილიდან ციტატა, რომელშიც გირკინი ჩივის, რომ სამხედრო კომისარიატში არც კი მიიღეს მისი განცხადება იმ მოტივით, რომ „პოლკოვნიკები არ სჭირდებათ“.

ექსტრემიზმისკენ მოწოდებების საქმესთან დაკავშირებით, 2024 წლის იანვრის ბოლოს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 4 წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის („დსრ“) სეპარატისტთა ყოფილი მეთაურსა და ფსბ-ს თადარიგის პოლკოვნიკს, იგორ სტრელკოვს (გირკინს).


აპრილში ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდადებული ფრონტზე გაგზავნას ითხოვდა და მომავალი სამსახურის ადგილზე ე.წ. "დნრ"-ის ხელმძღვანელობასაც კი შეუთანხმდა. აგვისტოს ბოლოს, სტრელკოვის ცოლმა განაცხადა, რომ სტრელკოვი კოლონიაში აღრიცხვაზე აიყვანეს, როგორც "გაქცევისკენ მიდრეკილი." მიროსლავა რეგინსკაიას აზრით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ მისი მეუღლის პირობით ვადამდელ გათავისუფლებაში.

ასევე ნახეთ ექსტრემისტული მოწოდებებისთვის გასამართლებული იგორ სტრელკოვი უკრაინაში საომრად გაგზავნას ითხოვს

მაისის ბოლოს საერთო იურისდიქციის პირველმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დონეცკის პრორუსი სეპარატისტების ყოფილი მეთაურის, იგორ სტრელკოვისთვის (გირკინს). ეს ფაქტბრივად ნიშნავს გირკინისათვის ომში გაგზავნაზე უარის თქმას.

2022 წელს რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ექსტრემიზმის მუხლებით მსჯავრდადებულთა გაგზავნას საბრძოლო მოქმედებების ზონაში. კანონი ამის საშუალებას იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პუტინი შეიწყალებს მას.

რუსეთში გამოტანილი სასჯელის გარდა, სტრელკოვს ნიდერლანდში დაუსწრებლად მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა მალაიზიის ავიახაზების Boeing-ის (რეისი MH-17) ავიაკატასტროფის საქმეზე, რომელსაც თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა. ის ბრალს უარყოფს.