ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სახელით „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ შეაჩერა საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი დაფინანსება, ეს გადაწყვეტილება არ შეეხება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტს.
„მივიღეთ დამატებითი განმარტება, რომ 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის დაპაუზებულია. ეს არ შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, რადგან აშშ-ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ, როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეუფერხებელ მუშაობას“, - დაწერა თეა გოდოლაძემ.
9 სექტემბერს გოდოლაძემ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ამერიკამ სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა.
ამ თემაზე რადიო თავისუფლების შეკითხვის საპასუხოდ, აშშ-ის საელჩომ საქართველოში მოგვწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონის დაფინანსება მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიული მოქმედებისა და ყალბი ნარატივების გამო, თუმცა, ის აღნიშნავს, რომ ეს არ ეხება ცენტრის დაფინანსებას.
„ჩვენ არ შეგვიჩერებია სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება. შეერთებული შტატები 25 წლის განმავლობაში აფინანსებდა საქართველოში სეისმური მონიტორინგის სისტემას და ეხმარება ქართველი ხალხის უსაფრთხოების გაძლიერებას, ისევე როგორც საქართველოს რეზიდენტებს და სტუმრებს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ჩათვლით“, - ვკითხულობთ წერილში.