აშშ-ის ელჩი: ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია

რობინ დანიგანი - აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უცხოური დახმარების შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა ბათუმში, სადაც განახლებული ამერიკული კუთხე გაიხსნა.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, უცხოური გავლენის შესახებ კანონით - იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება... ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის, ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში.
ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ელჩმა „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე დეზინფორმაციის გავრცელებაზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, არსებობს დეზინფორმაცია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე - ზოგი ირწმუნება, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია ან, რომ ჩვენ ვცდილობდით ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, გვაქვს ბნელი ზრახვები და ამის მოსმენა გულსაკლავია“.

ასევე ნახეთ დანიგანმა გულსაკლავი უწოდა დეზინფორმაციას, რომელიც აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე ვრცელდება

28 მაისს, როცა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ ვეტო დაძლია. კანონი უკვე სრულად ამოქმედდა. ბოლო ორ თვეში საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერეს პარტნიორმა ქვეყნებმა.

ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგისტრაციის სურვილი 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ გამოთქვა.

თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.