როგორ აღიქვამენ უკრაინაში მიმდინარე ომს რიგითი რუსი ჯარისკაცები? სწორედ ამაზეა ფილმი “რუსები ომში”, რომელიც 6 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენეს.
ფილმის რეჟისორი რუსი დოკუმენტალისტი ანასტასია ტროფიმოვაა. მან შვიდი თვე ოკუპირებულ უკრაინაში, რუსული ჯარის სხვადასხვა ნაწილებში გაატარა და ჯარისკაცებთან არაერთი ინტერვიუ ჩაწერა.
ტროფიმოვა, რომელიც ადრე რუსულ პროპაგანდისტულ ტელევიზია “რაშა თუდეიზე” მუშაობდა, ამტკიცებს, რომ ფილმის გადაღება კრემლთან არ შეუთანხმებია და ის ცალსახად ანტისაომარია.
“ცხადია, თავს საფრთხეში ვიგდებ. [უკრაინაში] თავდაცვის სამინისტროს ყოველგვარი თანხმობის გარეშე მივდივარ. მათგან ცოტათი საიდუმლოდაც” - ამბობს რეჟისორი ფილმის ტრეილერში.
ვიდეოში ასევე ისმის ამონარიდები ინტერვიუებიდან.
“რუსეთი და უკრაინა განუყოფლები იყვნენ. [უკრაინასთან] ძმური კავშირი მენატრება,” - ამბობს ერთი ჯარისკაცი. “დღეს წავედი [უკრაინაში საომრად] ხვალ ჩემს შვილებს რომ არ მოუწიოთ” - ამბობს მეორე.
ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი ამბობს, ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ რუსი ჯარისკაცები “სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები აღმოჩნდნენო.”
“ჩვეულებრივი ბიჭები არიან, ოჯახებით, იუმორის გრძნობით, და საკუთარი გაგებით იმისა, თუ რა ხდება ამ ომში”.
არავითარი ნგრევა და ომის დანაშაულები
ფილმს საერთაშორისო პრესაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ფილმში თითქმის არ ჩანს არ საბრძოლო მოქმედებები, და არც ის, თუ რამხელა ზიანი მიაყენა რუსეთმა უკრაინას ორწელიწადნახევრიანი ომის მანძილზე.
“ფილმი არ ქმნის წარმოდგენას იმ ნგრევაზე, რომელიც რუსულმა ჯარმა უკრაინაში გამოიწვია. ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი პირდაპირ უარყოფს, რომ რუსები უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან და მათ შეუძლებელს უწოდებს” - წერს სააგენტო როიტერსი.
აი სააგენტო ფრანს პრესი კი წერს, რომ ფილმში რუსი ჯარისკაცები მსხვერპლებად წარმოჩნდნენ. მათ “წარმოდგენა არ აქვთ, თუ რატომ გაუშვეს საომრად. ისინი ეწევიან, სვამენ და ხედავენ როგორ იღუპებიან მათი მეგობრები”.
კრემლის პროპაგანდა?
უკრაინაში ფილმი კრემლის პროპაგანდად მონათლეს.
უკრაინელმა პროდიუსერმა დარია ბასელმა, ვისი დოკუმენტური ფილმიც ასევე აჩვენეს ვენეციის ფესტივალზე, თქვა, რომ “ფილმი რეალობას ამახინჯებს” და ის სულაც არაა ანტისაომარი.
ფილმი მცდარ ნარატივებს ავრცელებს და “მსხვერპლად წარმოაჩენს აგრესორის არმიის წევრებს”. თანაც, ფილმის თანახმად, რუსეთს უკვე წლებია არ უომია. მათ დაივიწყეს ყირიმის ანექსია, ომები დნესტრისპირეთში, საქართველოში, ჩეჩნეთსა და სირიაში, - დაწერა ბასელმა ფეისბუკზე.
ფილმიცა და ვენეციის ფესტივალიც გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმაც. “ეს აბსურდი უნდა აიკრძალოს” - დაწერა მან ტელეგრამზე.
ევროპის კრიტიკა
ფილმს და ვენეციაში მის ჩვენებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ ოპოზიციურად განწყობილი რუსებიც.
“ევროპამ მორიგი ფსკერი გახვრიტა,” - წერს რეჟისორი დენის დანილოვი.
მისი თქმით, ფილმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენება ნამდვილი “ტრაგედია” და იმის ნიშანია, რომ “ევროპა უკრაინის ომისგან და მისი მხარდაჭერისგან დაიღალა”.
“დასავლეთი ცდილობს, ომი რაც შეიძლება მალე დაასრულოს, რათა ბიზნესსა და რუს ვანიასთან ურთიერთობების ნორმალიზაციას დაუბრუნდეს” - ამტკიცებს დანილოვი.
ფილმი ნაწილობრივ დაფინანსებულია საფრანგეთისა და კანადის სახელმწიფო ფონდების მიერ. ცოტა ხანში იგი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზეც უნდა აჩვენონ.
უკრაინის ხელისუფლება ტორონტოს კინოფესტივალს მოუწოდებს, გააუქმოს ფილმის ჩვენება.