რომის პაპი შორეულ პაპუა-ახალ გვინეაში ჩავიდა და ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა

რომის პაპი ტრადიციული ქუდით პაპუა-ახალ გვინეაში მრევლთან შეხვედრისას. 8 სექტემბერი, 2024 წელი. ფრანცისკემ ქალაქ ვანიმოში ერთ ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა

რომის პაპი ფრანცისკე კათოლიკური ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე დაშორებულ რეგიონს ეწვია. ეკლესიის 87 წლის მამამთავარი წყნარ ოკეანეში მდებარე სახელმწიფო პაპუა-ახალ გვინეაში ჩავიდა.

პატარა ქალაქი ვანიმო რომიდან 15 ათასი კილომეტრითაა დაშორებული. რომის პაპს დახვდა 20 ათასამდე ადამიანი, რომელთაგან ბევრმა დღეების განმავალობაში იარა, რათა პაპი ენახათ.
პაპმა ასობით კილოგრამი დახმარება ჩაუტანა ადგილობრივ მოსახლეობას.

ვატიკანის წარმომადგენელმა, მატეო ბრუნიმ თქვა, რომ ფრანცისკემ თავის მრევლს ჩაუტანა მედიკამენტები და ტანსაცმელი, ასევე სათამაშოები და მუსიკალური ინსტრუმენტები სკოლის მოსწავლეებისთვის.

რომის პაპი სტუმრობს 600 კუნძულის ქვეყანას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში 12-დღიანი ტურნეს ფარგლებში. ეს ფრანცისკეს ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობაა მის 11-წლიანი პაპობის მანძილზე.


უპირატესად ქრისტიანულ პაპუა-ახალ გვინეაში მოსახლეობის მეოთხედი კათოლიკეა.

ეს ქვეყანა გამოირჩევა მსოფლიოში ენების სიუხვით, ამ სახელმწიფოში ასეულობით სალაპარაკო ენაა გავრცელებული.

ასევე ნახეთ პაპი აკრიტიკებს პოპულისტებს, ამბობს, რომ დემოკრატია ცუდ მდგომარეობაშია