რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 6 სექტემბერს "უცხოეთის აგენტების" ნუსხაში შეიყვანა ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი, ზალინა მარშენკულოვა. მანამდე მის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ტერორიზმის გამართლების მუხლით. ამის საბაბი, სავარაუდოდ, იყო მის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ეხებოდა ომის მომხრე ბლოგერის, ვლადლენ ტატარსკის მკვლელობას 2023 წელს, სანქტ-პეტერბურგში.
2024 წლის აპრილში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარშენკულოვაზე ძებნა გამოაცხადა, მაისში სასამართლომ იგი დაუსწრებლად დააპატიმრა. აქტივისტი 2022 წლიდან აღარ ცხოვრობს რუსეთში.
მარშენკულოვას გარდა, სიაში შეიყვანეს პოლიტოლოგი დავიდ კანკია, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი "იაბლოკოდან", არკადი იანკოვსკი და კრასნოდარის ოლქში მცხოვრები გამომძიებელი ჟურნალისტი, ალექსანდრ საველიევი.
"უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ამ კანონმა იუსტიციის სამინისტროს საშუალება მისცა, არაკომერციული ორგანიზაციები გამოეცხადებინა უცხოეთის აგენტებად, თუკი ისინი დაფინანსებას უცხოეთიდან იღებდნენ და პოლიტიკურ ქმედებებს ახორციელებდნენ. კრიტერიუმი, რომლითაც ამგვარი ქმედებები განისაზღვრება, კანონში მკაფიოდ ახსნილი არ არის, რაც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს აწარმოოს დევნა განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში მომუშავე ორგანიზაციებზე.
შემდგომში რუსეთში შესაძლებელი გახდა უცხოეთის აგენტებად გამოეცხადებინათ მედიასაშუალებები და ფიზიკური პირები - მათ შორის ისინიც, ვინც უცხოეთიდან არ იღებს დაფინანსებას, მაგრამ "იმყოფება უცხოური გავლენის ქვეშ". კონკრეტულად რა იგულისხმება უცხოეთის გავლენაში, რუსეთის კანონმდებლობაში დაზუსტებული არ არის.
ასევე ნახეთ რუსეთში ძებნილთა სიაში შეიყვანეს უცხოეთში მცხოვრები სამხედრო ანალიტიკოსი, იან მატვეევი